ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ევროკომისიის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ორგანოს კიდევ ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. ევროპარლამენტარებმა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით აირჩიეს. გერმანელ პოლიტიკოსს ევროკომისიის პრეზიდენტის მანდატი 2029 წლამდე გაუხანგრძლივდა. ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას 401 მომხრე და 284 წინააღმდეგი ჰყავდა.

ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას წინ უძღოდა დებატები ევროპარლამენტარებსა და კანდიდატს შორის. ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა მომდევნო ხუთი წლის საქმიანობის პრიორიტეტები წარმოადგინა. ლაიენის გეგმა ევროკავშირში დეკარბონიზაციის ინიციატივებისა და ინოვაციების ზრდის წახალისებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის შესაბამისი ზომების გატარებას გეგმავს და ამისათვის ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის პერსონალის 30,000-მდე გაზრდას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, მის პრიორიტეტებს ევროკავშირის ზონაში დეზინფორმაციასთან და უცხო ქვეყნის საინფორმაციო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ ფონ დერ ლაიენი თავდაცვის სფეროში ევროკომისრის პოზიციის შექმნას გეგმავს, რომლის ფუნქციაც ევროპული თავდაცვის კავშირის გაძლიერება იქნება. თავდაცვის სფეროში ევროკომისრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ევროკავშირის ზონაში ყოვლისმომცველი საჰაერო თავდაცვის სისტემის – ევროპული საჰაერო ფარის – შექმნა და ევროკავშირის საჰაერო სივრცის დაცვა იქნება.

ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენი პოლიტიკურ საქმიანობას 1990-იანი წლებიდან ეწევა. სხვადასხვა დროს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოჯახის საკითხების, ასევე შრომისა და საყოველთაო საკითხების და თავდაცვის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.