გაერთიანებული სამეფოს უშიშროების სამსახური, ცნობილი როგორც MI5, ინფორმაციას ავრცელებს ჯაშუშების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, LinkedIn-ის საშუალებით მოტყუებით მიიღონ საიდუმლო ინფორმაცია.
MI5-ის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს მინიმუმ 10,000 მოქალაქეს დაუკავშირდნენ მტრული სახელმწიფოების წარმომადგენლები LinkedIn-ის ყალბი პროფილების მეშვეობით.
ეს რიცხვი მოიცავს თანამშრომლებს ყველა სამთავრობო დეპარტამენტიდან და სხვა მნიშვნელოვანი ინდუსტრიებიდან, რომლებსაც შესაძლოა, ჯაშუშებმა შესთავაზონ ისეთი შესაძლებლობები, რის შედეგადაც მათგან მოტყუებით მიიღონ კონფიდენციალური ინფორმაცია. .
ვინაიდან არავინ არ არის დაცული სოციალური მანიპულირებისგან, საფრთხის შესახებ მთავრობის წარმომადგენლების ინფორმირებისთვის კამპანია „იფიქრე, სანამ დაუკავშირდები“ დაიწყო. კამპანიის მიხედვით, უცხოელი ჯაშუშები მიზანში განსაკუთრებით იმ ადამიანებს იღებენ, ვისაც მნიშვნელოვან ინფორმაციასთან აქვთ წვდომა.
ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვის ცენტრის მიერ ჩატარებული კამპანია მთავრობის თანამშრომლებს “ოთხ R”–ზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს, რაც გულისხმობს:
- მავნე პროფილების ამოცნობას;
- პოტენციური საფრთხის გაცნობიერებას;
- საეჭვო პროფილების შესახებ უსაფრთხოების მენეჯერისთვის შეტყობინებას;
- პროფილების წაშლას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კამპანია წამოიწყო აშშ-მაც. LinkedIn-ი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივაში ქვეყნების ჩართულობას.
გაერთიანებული სამეფოს ამ ნაბიჯს ასევე მხარს უჭერენ Five Eyes-ის სადაზვერვო ალიანსის სხვა წევრები: ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია.