Verisk: სტიქიური უბედურებები გლობალურად წელიწადში $450 მილიარდის ზარალს გამოიწვევს

Verisk: სტიქიური უბედურებები გლობალურად წელიწადში $450 მილიარდის ზარალს გამოიწვევს

ფოტო: Prabin Ranabhat/AFP/Getty Images

 

კლიმატური ცვლილებებითა და ურბანული გაფართოებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მსოფლიოსთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, წელიწადში საშუალოდ $450 მილიარდს მიაღწიოს. ამის შესახებ Financial Times-ი რისკების მოდელირების კომპანია Verisk-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული გლობალური ზარალის დაახლოებით 62% დაზღვეული არ არის.

შედეგად, Verisk-ის შეფასებით, საცხოვრებელი სახლები, ბიზნესები და მთავრობები, წლიურად, საშუალოდ $279 მილიარდის დაუზღვეველი ზარალის წინაშე დგანან. კომპანია ასევე არ გამორიცხავს, რომ განსაკუთრებით მძიმე კატასტროფების შემთხვევაში, ზარალის წლიური მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

Verisk-ის ანგარიშის თანახმად, ზარალის ზრდა კლიმატის ცვლილებისა და ქალაქების გაფართოების გავლენას ასახავს. პარალელურად კი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ხარჯებიც იზრდება.

კატასტროფების რისკთან დაკავშირებული ზარალი გავლენას ახდენს სადაზღვევო ინდუსტრიაზეც, თუმცა მათ მიერ ანაზღაურებული ზარალის წილი მთლიან ზარალთან შედარებით მცირდება. გასული წელი ზედიზედ მეექვსე წელი იყო, როდესაც ბუნებრივი კატასტროფების დაზღვეული ზარალის მოცულობამ გლობალურად $100 მილიარდს გადააჭარბა.

მაგალითად, 2025 წლის მარტის მიანმარის მიწისძვრამ $12 მილიარდის ზარალი გამოიწვია, თუმცა დაზღვევამ $100 მილიონზე ნაკლები დაფარა. იმავე წლის ივლისში, ტეხასის წყალდიდობების ზარალი $1.1 მილიარდად შეფასდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი დაუზღვეველი იყო.