აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლა საბოლოო ეტაპზე გადავიდა – ამ დროისთვის ელექტორალური ხმების უპირატესობა დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენს აქვს – ის 253 ხმით ლიდერობს, დონალდ ტრამპს კი 214 ელექტორალური ხმა აქვს. აშშ-ში გამარჯვების მოპოვებისთვის ნებისმიერმა კანდიდატმა მინიმუმ 270 ელექტორალური ხმა უნდა დააგროვოს.
არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ხუთი შტატის შედეგებს ექნება, მათგან ორში ამჟამად ჯო ბაიდენი ლიდერობს, სამში კი – დონალდ ტრამპი, ეს შტატებია:
არიზონა – ჯო ბაიდენი 49.3% (1,444,213 ხმა); დონალდ ტრამპი 47.9% (1,365,040 ხმა). არიზონაში ხმების 84% არის დათვლილი. ამჟამად მიმდინარეობს ძირითადად იმ ხმების დათვლა, რომელიც ფოსტის მეშვეობით იქნა გაგზავნილი. არიზონას საარჩევნო კოლეგიაში 11 ხმა აქვს.
ნევადა – ჯო ბაიდენი 49.3% (588,252 ხმა); დონალდ ტრამპი 48.7% (580,605 ხმა). ნევადაში ხმების 86% არის დათვლილი. ამჟამად მიმდინარეობს ძირითადად იმ ხმების დათვლა, რომელიც ფოსტის მეშვეობით იქნა გაგზავნილი. შტატს საარჩევნო კოლეგიაში 6 ხმა აქვს.
თუ ამ ორივე შტატში ჯო ბაიდენმა შეინარჩუნა უპირატესობა, მაშინ საარჩევნო კოლეგიაში მისი მხარდაჭერა 270-მდე შეივსება, შესაბამისად, ის აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდება.
პენსილვანია – დონალდ ტრამპი 50.7% (3,215,983 ხმა); ჯო ბაიდენი 48.1% (3,051,565 ხმა). პენსილვანიაში ხმების 91% არის დათვლილი. ამჟამად მიმდინარეობს ძირითადად იმ ხმების დათვლა, რომელიც ფოსტის მეშვეობით იქნა გაგზავნილი. შტატს საარჩევნო კოლეგიაში 20 ხმა აქვს.
ჯორჯია– დონალდ ტრამპი 49.6% (2,430,156 ხმა); ჯო ბაიდენი 49.2% (2,407,589 ხმა). ჯორჯიაში ხმების 98% არის დათვლილი. ამჟამად მიმდინარეობს ძირითადად იმ ხმების დათვლა, რომელიც ფოსტის მეშვეობით იქნა გაგზავნილი. შტატს საარჩევნო კოლეგიაში 16 ხმა აქვს.
ჩრდილოეთ კაროლინა – დონალდ ტრამპი 50.1% (2,732,084 ხმა); ჯო ბაიდენი 48.7% (2,655,383 ხმა). ჩრდილოეთ კაროლინაში ხმების 96%-ზე მეტი არის დათვლილი. ამჟამად მიმდინარეობს ძირითადად იმ ხმების დათვლა, რომელიც ფოსტის მეშვეობით იქნა გაგზავნილი. შტატს საარჩევნო კოლეგიაში 15 ხმა აქვს.
თუკი ამ სამი შტატიდან სამივეში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, მისი მხარდაჭერა საარჩევნო კოლეგიაში 268 გახდება, რაც საკმარისი არაა იმისთვის, რათა მან პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნოს.
დონალდ ტრამპის იურისტების განცხადებით, ისინი ვისკონსინის შტატში ხმების გადათვლას მოითხოვენ. თავდაპირველად, ვისკონსინში დონალდ ტრამპი ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ შტატში 49.6%-ით ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მისი უპირატესობა 20,000 ხმას შეადგენს.
საარჩევნო სისტემა:
აშშ-ში პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევენ, ამისთვის შემდგარია 538 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია, რომელშიც გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, ვინც ხმათა ნახევარზე მეტს ანუ მინიმუმ 270 ხმას მიიღებს.
საარჩევნო კოლეგია კომპლექტდება შტატების მიერ და მასში წევრთა განაწილება შტატების მოსახლეობასთან არის კავშირში. აშშ-ის ყველაზე მრავალრიცხოვანი შტატი კალიფორნიაა, მას კოლეგიაში 55 წარმომადგენელი ჰყავს, შედარებით მცირე ზომის შტატებს კი – ნაკლები; მაგალითად: აიდაჰო – 4, მონტანა – 3, სამხრეთ დაკოტა – 3.