სტივ ჯობსია Apple თუ Apple -ია სტივ ჯობსი? ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან კომპანია Apple -ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.
სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს, სან-ფრანცისკოში დაიბადა. მის ცხოვრებაში ტრადიციული არაფერი ყოფილა: ორეგონ რიდის კოლეჯში გატარებული ერთი სემესტრის შემდეგ სწავლა მიატოვა და კალიფორნიას დაუბრუნდა. სწორედ აქ, ავტოფარეხში, კოლეჯიდან გარიცხულ მეგობართან – სტივენ ვოზნიაკთან – ერთად Apple -ის პირველი კომპიუტერი შექმნა.
წყვილის შემდეგი კომპიუტერი კომპანიის პირველ ჰიტად იქცა, რომელსაც სულ მალე „მაკინტოშიც” მოჰყვა. მას შემდეგ სტივ ჯობსს საზოგადოებისთვის რევოლუციური შეთავაზებები არ მოუკლია: ჯერ iPod, შემდეგ – iPhone, ცოტა მოგვიანებით კი – iPad. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტივ ჯობსი მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური და ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელია.
ამ წარმატებამდე იყო მისი სამსახურიდან გაშვების საკმაოდ უცნაური ამბავი და Apple -ისთვის დაკარგული 11 წელი. ის სამსახურიდან გაათავისუფლა ადამიანმა, რომელიც თავად დაიქირავა.
,,მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ Apple -დან გაშვება ყველაზე კარგი რამ იყო, რაც შეიძლებოდა შემმთხვეოდა. წარმატებული ადამიანის სიმძიმე დამწყები ადამიანის სიმსუბუქემ შეცვალა. ამ ფაქტით დაიწყო ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ ხუთ წელიწადში შევქმენი კომპანია Next,მერე – კომპანია Pixar და შემიყვარდა საოცარი ქალი, რომელიც შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა”, – ეს სიტყვები სტივ ჯობსმა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალზე წარმოთქვა.
1997 წელს სტივი Apple -ში აღმასრულებელ დირექტორად დაბრუნდა და თითქმის გაკოტრებული კომპანიის ბაზარზე დაბრუნებას გაათმაგებული ენერგიით შეუდგა. ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ Apple -ის მიერ შექმნილ და სხვა კომპიუტერებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ Apple ხელოვნებისა და მეცნიერების შერწყმას ცდილობს.
ამის მისაღწევად ჯობსმა უაღრესად მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე გუნდი შეაგროვა, მათ შორის არიან ანთროპოლოგები, ხელოვანები, ისტორიკოსები, პოეტები. სწორედ ეს არის Apple -ის წარმატების მთავარი მიზეზი; სწორედ ეს ქმნის განსხვავებას iPad -სა და სხვა პლანშეტურ კომპიუტერებს შორის. პროდუქტის ვიზუალსა და შეგრძნებას სტივ ჯობსი პროდუქტის სულს უწოდებს.
რვა წლის წინ სტივ ჯობსს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სამიდან ექვს თვემდე სიცოცხლის ვადა მისცეს. როგორც სემუელ ჯონსონმა თქვა, გონების ფოკუსირებას მოახლოებულ სიკვდილზე უკეთ ვერაფერი ახდენს. ამ რვა წელიწადში ჯობსმა თითქმის სასწაული მოახდინა.
,,სიკვდილის მოახლოებაზე ფიქრი დიდი გადაწყვეტილებების მიღების ყველაზე კარგი ინსტრუმენტი აღმოჩნდა. გარე ფაქტორების მოლოდინი, სიამაყე, წარუმატებლობისა და სიძნელეების შიში – ეს ყველაფერი სიკვდილთან შედარებით ძალიან უმნიშვნელო გახდა, დარჩა მხოლოდ ის, რაც მართლა ფასეულია. მოახლოებულ სიკვდილზე მუდმივი ფიქრი უმნიშვნელო დანაკარგებზე დარდს გამორიცხავს. შენ უკვე შიშველი ხარ. აღარ გაქვს მიზეზი, რომელიც გადაგათქმევინებს საკუთარი გულის კარნახს მიჰყვე”, – ეს სტივ ჯობსმა დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის შემდეგ, სტენფორდის უნივერსიტეტში განაცხადა.
აკეთეთ ის, რაც გიყვართ, უსმინეთ და ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას, მარცხშიც დაინახეთ დადებითი, ნუ ეცდებით იყოთ მართალი, შეეცადეთ იყოთ წარმატებული და იმუშავეთ ძალიან ბევრი. ბევრი მუშაობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, – ეს ის მთავარი აზრებია, რომლებიც ჯობსმა სტენფორდში ახალგაზრდებს გაუზიარა.
შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში ჯობსს წუთი არ დაუკარგავს, ამ შვიდ წელიწადში მან შეძლო Apple მსოფლიოს პირველ ტექნოლოგიურ კომპანიად ექცია.
თანამშრომლების კონტროლის გამო სტივ ჯობსს ხშირად აკრიტიკებდნენ და პერფექციონისტს უწოდებდნენ. იგი ითხოვდა მაქსიმუმს არა მხოლოდ საკუთარი თავისგან, არამედ ყველა თანამშრომლისგან. იგი მომხმარებელზე მეტად ენდობოდა საკუთარ თავს და Apple -ის ჯგუფს, და თითქმის არასოდეს ცდებოდა.
მენეჯმენტის თეორიაში ჩამოყალიბებულია აზრი, რომ თუკი შენ სამომხმარებლო პროდუქტს ქმნი, მომხმარებელს უნდა უსმინო. სტივ ჯობსი იყო ერთ-ერთი პირველი ბიზნესმენი, ვინც ამ თეორიას შეეწინააღმდეგა და თქვა, რომ ეს დროის ფუჭად ფლანგვაა. მას მიაჩნდა, რომ შეუძლებელია დღეს მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რა უნდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ისეთ პროდუქტს, რომელიც მომხმარებელს არასოდეს უნახავს და არასოდეს გამოუყენებია.
მომხმარებელთა ნაწილმა iPad -ის ბაზარზე გამოჩენა საკმაოდ სკეპტიკურად მიიღო, მისი სახელი ხუმრობის თემადაც კი იქცა. თუმცა ძალიან მალე ისევ ის მომხმარებელი ფიქრობდა, როგორ ცხოვრობდა აქამდე iPad -ის გარეშე. სწორედ ეს მომხმარებელი გახდა Apple -ის ერთგული – წარმოუდგენლად მომთმენი და მიმტევებელი.
მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარებით ამ კომპანიამ თითქმის შეუძლებელი შეძლო, Apple -მა ერთგული მიმდევრების დიდი ჯგუფი შექმნა. ეს მარტივი არ არის, ადამიანებს ვერ გააბრიყვებ. Apple -ის მომხმარებელმა იცის, რა თავდადება და ვნებაა ამ პროდუქტის შექმნაში ჩადებული. მისთვის Apple სტივ ჯობსია, ამიტომაც არის ის ასეთი მიმტევებელი, მომთმენი და ერთგული. სწორედ მომხმარებლის მხრიდან ბრენდისადმი ერთგულებამ შეიტანა კომპანიის გლობალურ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი.
როგორ მოახერხა ეს ყველაფერი ჩვეულებრივმა, ჩვენნაირმა ადამიანმა? – ხარისხიანი პროდუქტით და ძალიან დიდი შრომით. სტივ ჯობსმა უთხრა მსოფლიოს, რომ მას სჯეროდა ინოვაციური, მაღალი ხარისხის პროდუქტის და ყველაფერს გააკეთებდა საუკეთესო ტექნოლოგიების მისაღწევად. სტივ ჯობსი არასოდეს ლაპარაკობდა იმაზე, თუ რა გააკეთა, ის ყოველთვის ლაპარაკობდა იმაზე, თუ რისი გაკეთების სჯერა.
,,ჩემი მისია მარტივი იყო, მინდოდა შემექმნა კომპანია, სადაც დასაქმებული ადამიანების მოტივაცია კარგი პროდუქტის შექმნა იქნებოდა”, – ამბობს სტივ ჯობსი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ვალტერ ისააკსონთან ინტერვიუში (ბიოგრაფიული წიგნი ,,სტივ ჯობსი”).
,,როდესაც 17 წლის ვიყავი, ერთი ციტატა წავიკითხე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: ,,თუკი ყოველ დღეს ისე იცხოვრებ, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა, ერთ დღეს ის მართლაც ბოლო აღმოჩნდება”. ამ ფრაზამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ 33 წელია, ყოველ დილით სარკეში ვიყურები და ჩემს თავს ვეკითხები, დღეს რომ ჩემი უკანასკნელი დღე იყოს, გავაკეთებდი თუ არა იმას, რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ? როდესაც პასუხი რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფითია, ვხვდები, რომ რაღაც უნდა შევცვალო”.
2004 წლიდან ჯობსმა ჯანმრთელობის გამო სამჯერ შეწყვიტა მუშაობა. როდესაც 2009 წელს იმავე მიზეზით მეორედ დატოვა სამსახური, ჯოან ლაპინი, “ფორბსის” ჟურნალისტი წერდა: ,,ყველამ, ვინც iPhone -სა და iPod -ს გავუსინჯეთ გემო, უნდა ვილოცოთ მისთვის. იქნებ ჩვენმა მონდომებამ დაუბრუნოს მას ჯანმრთელობა და მან კვლავ შეძლოს გაგვიზიაროს მომავლის თავისი ხედვა”.
მაშინ სტივ ჯობსმა არა მხოლოდ დაბრუნება, მისთვის მლოცველი მომხმარებლის iPad -ით გაკვირვებაც შეძლო. როდესაც 2011 წლის აგვისტოში ჯანმრთელობის გამო მესამედ შეწყვიტა მუშაობა, მის დაბრუნებას მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად ელოდა.
სამწუხაროდ, სტივ ჯობსმა ამჯერად დაბრუნება ვერ შეძლო. 2011 წლის 5 ოქტომბერი სტივ ჯობსისთვის მართლაც უკანასკნელი დღე აღმოჩნდა. Apple -ის ერთგულ მომხმარებლებს მან კითხვა დაუტოვა: გარდაიცვალა სტივ ჯობსი თუ გარდაიცვალა Apple?