უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის პროგნოზის მიხედვით, საზაფხულოდ ევროპაში მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდისა და დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების შემცირების გათვალისწინებით, ივლისსა და აგვისტოში ავიასერვისების დატვირთულობა პრეპანდემიური მაჩვენებლის 90%-100%-ს შეადგენს.
ამას გარდა, Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯოზეფ ვარადის განცხადებით, წლის ბოლომდე ავიაკომპანიამ შესაძლოა პრეპანდემიურ მაჩვენებელსაც გადაუსწროს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის მარტ-ივნისის პერიოდში კომპანიის დატვირთულობამ პრეპანდემიური მონაცემის 33% შეადგინა.
უახლოეს დღეებში ბრიტანეთი სრულად ვაქცინირებული ევროკავშირის მოქალაქეებისთვის კარანტინის ვალდებულების მოხსნას გეგმავს. იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოდ დიდ ბრიტანეთში Wizz Air-ის გაყიდვები საერთო მაჩვენებლის 15-20%-ს შეადგენს, ქვეყნებს შორის მიმოსვლის ზრდა დადებითად აისახება კომპანიის შემოსავლებზე.
ოთხშაბათს გამოქვეყნებული პოზიტიური საზაფხულო პროგნოზის საპასუხოდ Wizz Air-ის აქციები 6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ამავდროულად კონკურენტმა კომპანია Ryanair-მა გააუმჯობესა პროგნოზები და დადებითად შეაფასა საკუთარი ავიასერვისების დატვირთულობა.