გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Apple-მა და Meta Platforms-მა ხელოვნურ ინტელექტზე თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს. კონკრეტულად, WSJ-ის ცნობით, Apple-ი თავის უახლეს AI-სისტემაში Meta-ს გენერაციული AI-მოდელის ინტეგრაციას გეგმავს. ეს სისტემა ამერიკულმა კომპანიამ iPhones-ებისთვის შექმნა.
Meta Platforms-თან პარტნიორობა Apple-ის სამომავლო გეგმების შემადგენელი ნაწილია. Apple-ის გუნდს თავიანთ მოწყობილობებზე სხვა კომპანიების მიერ შექმნილი AI-მოდელების დამატება სურს, რის ფარგლებშიც, iPhones-ების მწარმოებელი, Meta-სთან ერთად, Alphabet-თან თანამშრომლობასაც განიხილავს. გარდა ამისა, Apple-ის გეგმებში სხვა რეგიონების ათვისებაცაა, რისთვისაც კომპანიას ახალი პარტნიორების მოძიება მოუწევს, რადგან, მაგალითად, Microsoft-ის ChatGPT-ი ჩინეთში აკრძალულია.
WSJ-ის ინფორმაციითვე, Apple Intelligence-ში გენერაციული AI-ის ინტეგრაციაზე ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს AI-სტარტაპი Anthropic-იც აწარმოებს. თუმცა კომპანიები ჯერ მოლაპარაკებების ეტაპზე არიან და შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს. Reuters-ის ცნობით კი, Apple-ი გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე მოლაპარაკებებს კიდევ ერთ AI-საძიებო სტარტაპ Perplexity-სთან აწარმოებს. პოტენციური მოლაპარაკებების ფინანსური ნაწილი ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც Apple-მა მიმდინარე თვის დასაწყისში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, ახალი Apple Intelligence-ის ტექნოლოგია Siri-ს საშუალებითაც იქნება წარმოდგენილი. ის ხელმისაწვდომი შემდეგი მოდელებისათვის იქნება, ესენია: iPhone 15 Pro, iPhone 15 Pro Max და M1 ჩიპის მქონე iPad და Mac-ები.