Xiaomi-იმ თავისი პირველი ელექტრომობილის ფასის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

Xiaomi-იმ თავისი პირველი ელექტრომობილის ფასის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

Xiaomi-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლეი ძუნის განცხადებით, კომპანიის მიზანი, მათი პირველი ავტომობილი იყოს „საუკეთესო ვიზუალის, მარტივად სამართავი და ყველაზე ჭკვიანი მანქანა“, რომლის ფასიც 50 ათას იუანს ($69,424) ქვემოთ იქნება. ელექტრომობილზე შეკვეთებს კომპანია მიმდინარე კვირიდან მიიღებს.

Xiaomi-ის ინფორმაციითვე, მათ მიერ წარდგენილი სედანისთვის – SU7 (SU შემოკლებით, SU Speed Ultra) ოფიციალური ფასების დიაპაზონი ხუთშაბათს გახდება ცნობილი და შეკვეთების მიღებაც დაიწყება. ოფიციალურ Weibo-ანგარიშზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ავტომობილის ფასის ზედა ზღვარი პირველად დაადასტურა.

ჩინურმა მწარმოებელმა SU7 დეკემბერში წარადგინა და განაცხადა, რომ სამომავლოდ, მსოფლიოს ტოპ-5 ავტომწარმოებელს შორის მოხვედრის ამბიცია აქვს. Xiaomi-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ელექტრომობილს „სუპერელექტროძრავის“ ტექნოლოგია აქვს, რომელიც ავტომობილს იმაზე სწრაფი აჩქარებით უზრუნველყოფს, ვიდრე Tesla-სა და Porsche-ს ელექტრომობილების შემთხვევაშია.

როგორც ირკვევა, კომპანია SU7-ის ორ ვერსიას წარადგენს: პირველს ერთი დამუხტვით – 668 კილომეტრის, ხოლო მეორეს 800 კილომეტრის გავლა შეეძლება. შედარებისთვის, Tesla-ს Model S-ი ერთი დატენით 650 კილომეტრს გადის.

ჩინეთში სმარტფონების მეხუთე უმსხვილესი მწარმოებელი, ამ პროდუქტზე მოთხოვნის სტაგნაციის ფონზე, ბიზნესის დივერსიფიკაციას გეგმავს. ელექტრომობილების ბაზარზე შესვლის შესახებ კომპანიამ პირველად 2021 წელს განაცხადა. მომდევნო ათწლეულში Xiaomi ავტომიმართულებით $10 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს, პეკინის ქარხანაში კი წლიურად 200 ათასი ავტომობილის წარმოებას გეგმავს.