ესპანელმა მილიარდერმა ამანსიო ორტეგამ ტანსაცმლის ბიზნესის აყვავების შემდეგ, უძრავი ქონების ბიზნესზე აქცენტირება გადაწყვიტა. ორტეგას უძრავი ქონების ჰოლდინგის მოცულობამ $17.2 მილიარდს მიაღწია, აღნიშნული მონაცემები ადასტურებს იმას, რომ ესპანელ მილიარდერს უმდიდრეს ევროპელებს შორის უძრავი ქონების ყველაზე მსხვილი პორტფოლიო აქვს.
84 წლის ორტეგა ცნობილი ტანსაცმლის ბრენდის Zara-ს დამფუძნებელია. მან უძრავ ქონებაში გასულ წელს 2.1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა ჰოლდინგური კომპანია Pontegadea-ს სახით. აღსანიშნავია, რომ Pontegadea Zara-ს დედა კომპანია Inditex-ის 59.3%-ს ფლობს. Pontegadea-ს წმინდა შემოსავალმა 2019 წელს 1.8 მილიარდ ევროს მიაღწია. მათ შორის 1.64 მილიარდი ევრო Inditex-ის დივიდენდებიდან იყო, ხოლო 621 მილიონი უძრავი ქონების აქტივებიდან.
ამგვარად, ორტეგა, რომელიც ესპანეთის უმდიდრესი ადამიანია, ბიზნესის დივერსიფიცირებას ცდილობს. მას ბოლო წლებში აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე $3 მილიარდზე მეტი აქვს ინვესტირებული. ორტეგას შეძენილი აქვს მაგალითად, მანჰეტენის ისტორიული Haughwout Building-ი, მაიამის უმაღლესი საოფისე შენობა. გასულ წელს კი მან იყიდა $72.5 მილიონად ჩიკაგოს ცენტრში სასტუმრო, რასაც ვაშინგტონის ბიზნეს უბანში კიდევ ერთი შენობის, და სიეტლში ორი საოფისე შენობის შესყიდვაც მოჰყვა.
უძრავი ქონების გარდა, ორტეგას ინვესტიციები აქვს განხორციელებული ენერგოსექტორში, ასევე ტელეკომუნიკაციებში. ასე მაგალითად, გასულ წელს მან Enagas-ის 5%-იანი წილი იყიდა.
შეგახსენებთ, ორტეგას ქონება $58.5 მილიარდს შეადგენს. მისი ქონების უმსხვილესი ნაწილი კომპანია Inditex-ის აქციებზე მოდის. ესპანელი მილიარდერი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, ვინაიდან დაიხურა მისი ბრენდების მაღაზიები, რის გამოც დაეცა Inditex-ის აქციები დაახლოებით 22%-ით. აქედან გამომდინარე ბოლო ერთ წელიწადში შემცირდა ორტეგას ქონებაც.