ზელენსკისთან კამათის შემდეგ ტრამპმა უკრაინის დახმარება გაყინა - დასავლური მედია

ზელენსკისთან კამათის შემდეგ ტრამპმა უკრაინის დახმარება გაყინა - დასავლური მედია

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, უკრაინის ყველა სამხედრო დახმარება გაყინა.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველად Bloomberg-მა თავდაცვის დეპარტამენტის უცნობ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა. წყაროს ცნობით, პაუზა გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინა მშვიდობის მისაღწევად საჭირო სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს.

ამასთან, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ აშშ „აჩერებს და განიხილავს“ დახმარებას, რათა „დარწმუნდეს, რომ იგი ხელს უწყობს პრობლემის გადაწყვეტას“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა მანამდე The New York Times-თან განაცხადა, რომ ტრამპი და მისი მრჩევლები ორშაბათს განიხილავენ „აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერებას ან გაუქმებას უკრაინისთვის“, ასევე „უკრაინელი ჯარისკაცებისა და პილოტებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და წვრთნების შემცირების პოტენციალს“.

ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-ის მიერ ქვეყნისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.