“რომპეტროლ საქართველომ“ წელს საქართველოში 6 ახალი ბენზინგასამართი სადგური გახსნა. კომპანიის მფლობელი ჯგუფის KMG International-ის 5-წლიანი სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც საცალო ბაზარზე ქსელის ინტენსიურ გაფართოებას ითვალისწინებს, ხელი ვერც პანდემიამ შეუშალა. ამის მიზეზი კომპანიის კრიზისების მართვის გამართული გეგმა გახდა.
[MAINPICTURE]
“ამ რთულ პერიოდში ჩვენ შევძელით არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების დაცვა და ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნება, არამედ გავაგრძელეთ ინვესტირებაც, რაც, ცხადია, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ზამანბეკ მირზაიანოვი, რომლის აზრითაც საქართველოს საინვესტიციო გარემო კვლავ გაუმჯობესებას საჭიროებს – ეს უცხოელი ინვესტორებისთვის დიდი თავის ტკივილია. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვითარება უკეთესობისკენ მალე შეიცვლება“.
ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა KMG International N.V.-მა, რომელიც “რომპეტროლის“ 100%-იანი წილის მფლობელია, მარტის დასაწყისშივე გაააქტიურა კრიზისების მართვის გეგმა, რომელიც საქმიანობის უწყვეტობის პარალელურად, დასაქმებულების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების დაცულობასა და უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.
კომპანიის თანამშრომლების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. გაუქმდა მივლინებები და შეხვედრები, დაწესდა თვითიზოლაციის ვალდებულება საზღვარგარეთიდან დაბრუნებული თანამშრომლებისთვის. მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ერთ ცვლაში მომუშავე „ფრონტ ოფისის“ თანაშრომელთა რიცხვი, რომელთაც შეეზღუდათ მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტი. მიუხედავად ამისა, მომხმარებლებისთვის საწვავის მიწოდების პროცესი არც ერთ ეტაპზე არ შეწყვეტილა. გამოწვევები პირველ რიგში საწვავის მოხმარების შემცირებას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით ლოკდაუნისა და ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდში.
“რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელი ჯგუფი, KMG International-ი ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს. ის საქართველოს ბაზარზე 15 წლის წინ გამოჩნდა და მალევე დაიმკვიდრა თავი როგორც უმაღლესი ხარისხის საწვავის ერთ- ერთმა უმსხვილესმა იმპორტიორმა. გარდა ამისა, “რომპეტროლი“ გადასახადების ერთ- ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელიცაა და ქვეყნის მასშტაბით 800 თანამშრომელს ასაქმებს. 2018 წელს “რომპეტროლის“ შემოსავალმა 500 მილიონ ლარს გადააჭარბა, თუმცა 2020-ის პანდემიის ჩივილები ამ ინდუსტრიასაც აღენიშნება:
“ჩვენი გაყიდვები 20%-ით შემცირდა, რამაც გვაიძულა, საოპერაციო ხარჯები შეგვეკვეცა და რამდენიმე დაგეგმილი პროექტი გადაგვედო, თუმცა საერთო ჯამში კომპანიამ შეძლო დიდი დანაკარგების გარეშე სიტუაციის კონტროლი და ახალ რეალობასთან ადაპტაცია მალევე გაიარა. კრიზისის მართვის გუნდი მსოფლიო მასშტაბით “რომპეტროლის“ ყველა ფილიალში ჯერ კიდევ თებერვალში ჩამოყალიბდა“, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.
თადარიგის ადრე დაჭერამ სასურველი შედეგი გამოიღო. ოპერაციების ოპტიმიზებით კომპანიამ მაინც შეძლო ბიზნესის სიჯანსაღისა და ზრდის ტრენდის შენარჩუნება. 2020 წელს “რომპეტროლმა“ საქართველოს მასშტაბით 5-ზე მეტი ახალი სადგური გახსნა და ობიექტების საერთო რაოდენობამ უკვე 80-ს გადააჭარბა. ახალგახსნილ ავტოგასამართ სადგურებს შორისაა ბორჯომის ახალი კონცეფციის სადგური, რომლითაც ზამანბეკ მირზაიანოვი ძალიან ამაყობს.
“ბორჯომის სადგურზე, სადაც 11 ადამიანი დასაქმდა, მალე თავს მოიყრის სერვისის სრული პაკეტი, ბენზინგასამართი სადგურთან ერთად კაფე, მარკეტი და ლაუნჯ-ტერასა, – განმარტავს “რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი. – ახალი სადგური თანამედროვე ტექნოლოგიებით არის შექმნილი, და მის გახსნას ჩვენი ლოიალური მომხმარებელი დიდი სიხარულით შეხვდა“.
თუმცა ახალი სადგური მხოლოდ ჩვეული მომხმარებლებისთვის არ იქნება მიმზიდველი და ამას დამატებითი ობიექტების გარდა, უშუალოდ ბენზინგასამართის ტექნიკური მახასიათებლები განაპირობებს: ობიექტი აღიჭურვა დოზირების სიზუსტითა და მაღალი ხარისხის კომპლექტაციით ცნობილი ბრენდის, TOKHEIM-ის გამშვები სისტემით. საწვავი რუმინეთის თანამედროვე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში, „პეტრომიდიაში“ წარმოებულ უმაღლესი ხარისხის ევრო 5 სტანდარტის ტიპებს (Efix და EfixS) მიეკუთვნება. რაც ბორჯომისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი სადგური გარემოს დაცვის თანამედროვე სისტემებითაა აგებული. საწვავის ანაორთქლი ისევ რეზერვუარში ბრუნდება, დაბინძურებული წყლის სეპარაცია ხდება და ამასთან, სადგურზე დამონტაჟებულ ავზებს ორმაგი კედელი აქვს, რაც გაჟონვისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დამატებითი დამცავი რგოლია.
იმედის მომცემია, რომ როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის ყველაზე კრიზისულ წელს “რომპეტროლი“ პოულობს საკუთარ თავში გარემოზე, თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვის ძალას და მეტიც, ამ ძალას კომპანიის მთავარ მამოძრავებლად აქცევს. გაფართოება გრძელდება, მის მასშტაბებს კი მომავალი ხუთი წელი გვაჩვენებს.
“ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ სერვისების გაუმჯობესებასა და გაფართოებაზე, რათა მოვიცვათ საქართველოს ყველა უმშვენიერესი ადგილი“, – ამბობს ზამანბეკ მირზაიანოვი.