SoftBank-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მასაიოში სონის განცხადებით, 10 წლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე 10,000-ჯერ ჭკვიანი იქნება. აღნიშნულის შესახებ განცხადება იაპონური საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელმა საჯარო გამოსვლისას გააკეთა. სონიმ ხელოვნური ინტელექტის ნაკლებად ცნობილი კლასიფიკაციების შესახებ ისაუბრა და „ხელოვნური სუპერინტელექტი“ და „ხელოვნური ზოგადი ინტელექტი“ ახსენა.
მასაიოში სონის განმარტებით, „ხელოვნური ზოგადი ინტელექტი“, რომელიც ადამიანზე საშუალოდ 10-ჯერ ჭკვიანია, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი შემდეგი 3-5 წლის განმავლობაში იქნება. ასეთ შემთხვევაში, სონის მტკიცებით, ადამიანებს საკუთარი ცხოვრების სტილის, ტემპისა და სტრუქტურის შეცვლა არ მოუწევთ, რადგან სხვაობა ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის შესაძლებლობებს შორის არც ისე დრამატული იქნება.
თუმცა, მისი განცხადებით, საქმე სხვანაირადაა „ხელოვნური სუპერინტელექტის“ შემთხვევაში, რომელიც ადამიანზე დაახლოებით 10,000-ჯერ ჭკვიანი იქნება. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ადამიანებს ახალი ცხოვრების სტილის შემუშავება მოუწევთ.
SoftBank-მა დიდი წინსვლა მას შემდეგ მოახერხა, რაც ჩინური ელექტრონული კომერციის კომპანია Alibaba-ში ინვესტიცია განახორციელა. საინვესტიციო კომპანიის სახელს წარმატებულ ინვესტიციებთან ერთად, წარუმატებელი ნაბიჯებიც უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი – სამუშაო პლატფორმა WeWork-ში განხორციელებული ინვესტიციაა. თუმცა რეკორდულად დაბალ შედეგებზე გასვლის შემდეგ, კომპანიამ კვლავ „თავდაცვის“ რეჟიმზე გადასვლა და ტრადიციულ პროექტებში ინვესტირება გადაწყვიტა.