2018 წელს საქართველოში 120 ახალი სასტუმრო გაიხსნა

2018 წელს საქართველოში 120 ახალი სასტუმრო გაიხსნა

გასულ წელს საქართველოში 120 ახალი სასტუმრო გაიხსნა. ეს მაჩვენებელი მოიცავს როგორც სასტუმროებს, ასევე სასტუმროს ტიპის სახლებს და საოჯახო სასტუმროებს.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთ წელში საწოლი ოთახების რაოდენობა 3387-ით, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა კი 6969-ით გაიზარდა. 

ყველაზე მეტი სასტუმრო იმერეთში გაიხსნა – 39; მას მოსდევს თბილისი 19 ახალი სასტუმროთი და გურია 16 სასტუმროთი. 

აჭარაში გასულ წელს მხოლოდ 3 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება 2018 წელს გახსნილ ბრენდულ სასტუმროებს, აჭარას შეემატა The Grand Gloria და Best Western Premier Batumi. ორივე მათგანი ბათუმში მდებარეობს. პირველი 167 სასტუმრო ნომერს აერთიანებს, ხოლო მეორე კი 104-ს. “გრანდ გლორიას” პროექტი აჭარაში “სემირამიდას ბაღების” სახელით იყო ცნობილი, თუმცა გასულ წელს პროექტს სახელი შეეცვალა. სასტუმროს აშენება ინვესტორმა თავდაპირველად 2011 წელს დაანონსა, თუმცა მისი გახსნა რამდენჯერმე გადავადდა. პროექტი აზერბაიჯანული ინვესტიციით განხორციელდა. Best Western Premier-ის პროექტი კი კომპანია “მეგა პალასმა” განახორციელა. კომპლექსი 30-სართულიანია, სადაც პირველ 13 სართულზე 104-ნომრიანი სასტუმრო განთავსდა, დანარჩენ სართულებზე კი საცხოვრებელი ფართები. 

ჯამში, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 38-ით მეტი ახალი სასტუმრო გაიხსნა; 2016 წელთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი თითქმის გასამმაგებულია. 

საქართველოში ყველაზე მეტი განთავსების ობიექტი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონშია – 485; მას მოსდევს თბილისი 458 განთავსების ობიექტით და აჭარა 475 ობიექტით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *