2022 ფისკალური წლის პირველ ნახევარში იაპონიის სავაჭრო დეფიციტმა რეკორდული 11.01 ტრილიონი იენი ($73 მილიარდი) შეადგინა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიზეზი ენერგიისა და ნედლეულის მომატებული ფასების ფონზე იმპორტის გაზრდაა, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდგომ, რაც იენი აშშ დოლართან მიმართებით ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალ დონემდე შემცირდა.
შედეგად, იაპონიაში ფისკალური ნახევარი წლის პერიოდისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის სექტემბრამდე ექვსი თვის პერიოდში იმპორტი 44.5 %-ით, 60.58 ტრილიონ იენამდე გაიზარდა და გადაუსწრო ექსპორტს, რომელიც ამ პერიოდში 19.6%-ით 49.58 ტრილიონ იენამდე გაიზარდა.
იაპონიის ექსპორტი ძირითადად მანქანებსა და ნახევარგამტარებს მოიცავს, მაშინ როდესაც იმპორტის ზრდა უმეტესწილად ნედლ ნავთობზე, თხევად ბუნებრივ აირსა და ნახშირზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ იაპონია სავაჭრო დეფიციტს უკვე ბოლო 14 თვეა, რაც განიცდის, ამას კი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ნედლი ნავთობისა და სხვა ენერგეტიკული პროდუქტების ფასების მკვეთრი ზრდა დაემატა.
ცნობისთვის, მანამდე რეკორდული სავაჭრო დეფიციტი იაპონიაში 2013 წლის ოქტომბერ-მარტის ფისკალურ პერიოდში დაფიქსირდა და 8.76 ტრილიონი შეადგინა. იმპორტის ღირებულების ზრდასთან ერთად კი ქვეყნის პრობლემებს იენის სისუსტეც დაერთო თან. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ სუსტი იენის ფონზე შემოსავლების გადინების შეზღუდვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.