2023 წელს NASA $26 მილიარდით დაფინანსდება

2023 წელს NASA $26 მილიარდით დაფინანსდება

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ 2023 წელს NASA $26 მილიარდით დაფინანსდეს, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის $2 მილიარდით მეტი იქნება. თუკი ამერიკელი კანონმდებლები პრეზიდენტის საბიუჯეტო წინადადებას შეუცვლელად მიიღებენ, გამოყოფილი თანხის 30% პროგრამა Artemis-ს მოხმარდება, რომლითაც NASA-ს მთვარეზე პირველი ქალისა და პირველი შავკანიანი ადამიანის გაგზავნა სურს, 2025 წელს.

Artemis-ის გარდა, ჯო ბაიდენის საბიუჯეტო წინადადება მოიცავს $224 მილიონს, რომელიც ახალი კომერციული კოსმოსური სადგურების განვითარებას შეუწყობს ხელს, დედამიწის ქვედა ორბიტაში. გასულ წელს, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) პროგრამა 2030 წლამდე გახანგრძლივდებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, ადამიანებს მისი შეცვლა მოუწევთ – აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ ამ დროისთვის კერძო კომპანიები მზად იყვნენ დედამიწის ორბიტაზე ახალი კოსმოსური სადგურების განსათავსებლად.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა, საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა ფუნქციონირება 2030 წლამდეც შეწყვიტოს. საქმე ისაა, რომ ფორმალურად, რუსეთის ფედერაცია, რომელიც ISS-ს აშშ-სთან ერთად მართავს, პროგრამის გახანგრძლივებას მხოლოდ 2024 წლამდე დათანხმდა და მოსალოდნელია, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე, ISS-მა ფუნქციონირება ნაადრევად შეწყვიტოს. ამ ვაკუუმის შესავსებად აშშ-ის ხელისუფლება სამ ამერიკულ კომპანიასთან: Blue Origin-თან, Nanoracks-თან და Northrop Grumman Systems Corporation-თან თანამშრომლობს.

Artemis-ისა და ახალი კოსმოსური სადგურების გარდა, NASA-ს ახალ ბიუჯეტში სამეცნიერო კვლევებიც არის გათვალისწინებული, რომლებიც საერთო ჯამში, თითქმის $8 მილიარდით დაფინანსდება. ამასთანავე, $822 მილიონი არის გამოყოფილი მარსიდან აღებული ნიმუშების დედამიწაზე ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.