საავტომობილო ასოციაციების მონაცემებით, გასულ წელს ელექტრომობილებისა და დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები გლობალურად 25%-ით გაიზარდა და 17 მილიონი ერთეული შეადგინა. აღნიშნული ზრდა ჩინეთის ბაზარზე მეტწილად დეკემბერში გაყიდვების რეკორდულმა მაჩვენებელმა და ევროპაში გაყიდვების დასტაბილურებამ განაპირობა.
Rho Motion-ის ინფორმაციით, 2024 წელს ევროპაში ელექტრომობილების უმსხვილესი ბაზარი გერმანიის ნაცვლად დიდი ბრიტანეთი გახდა. რაც შეეხება ჩინეთს, მხოლოდ დეკემბერში იქ ელექტრომობილების გაყიდვები 36.5%-ით გაიზარდა და 1.3 მილიონი შეადგინა. ჯამში, 2024 წელს ჩინეთში 11 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ელექტრომობილების გაყიდვები წლის ჭრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა, კონკრეტულ სახელმწიფოებში ზრდის დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება. მაგალითად, გერმანიაში ზრდის ტემპის შემცირებაზე დიდი გავლენა იქონია მთავრობის მიერ ელექტრომობილებზე სუბსიდიების გაუქმებამ.
ელექტრომობილებისთვის ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთია. თუმცა ამ ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლების დომინაცია საერთაშორისო ბრენდებისთვის ჩინეთში ფეხის მოკიდებას სულ უფრო ართულებს. ამას ისიც განაპირობებს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს ელექტრომობილების შეთავაზება კონკურენტებზე დაბალ ფასად შეუძლიათ. ჩინეთის ბაზარზე ყველაზე პოპულარული ელექტრომობილების დასავლური ბრენდი Tesla-ა, თუმცა მისი გაყიდვებიც კი სხვა ჩინურ მწარმოებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.