აშშ-ში 30 წელს გადაცილებულ სამხედროებს ტესტოსტერონის დონეს ყოველწლიურად შეუმოწმებენ

აშშ-ში 30 წელს გადაცილებულ სამხედროებს ტესტოსტერონის დონეს ყოველწლიურად შეუმოწმებენ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ 30 წელს გადაცილებული სამხედროებისთვის ტესტოსტერონის დონის ყოველწლიური შემოწმება სავალდებულო გახდება. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი ტესტოსტერონის დეფიციტის დროული გამოვლენაა, რადგან ამან შესაძლოა სამხედროების ჯანმრთელობასა და საბრძოლო მზადყოფნაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ჰეგსეთის განმარტებით, თუ გამოკვლევის შედეგად სამხედროებს ტესტოსტერონის დაბალი დონე დაუდასტურდებათ, მათ ტესტოსტერონის ჩანაცვლებით თერაპიას შესთავაზებენ. თუმცა მკურნალობის დაწყება ნებაყოფლობითი იქნება. 30 წლამდე ასაკის სამხედროებს კი ტესტირების მოთხოვნა საკუთარი სურვილით შეეძლებათ.

„მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ტესტოსტერონის დონე ხშირად ბუნებრივად მცირდება. ჩვენი მიზანია, სამხედროებს ჰქონდეთ ტესტოსტერონის ისეთი დონე, რომელიც მათ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში დაეხმარება,“ – განაცხადა ჰეგსეტმა ვიდეომიმართვაში.

ინიციატივა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტმა (HHS) ტესტოსტერონის ჩანაცვლებით თერაპიასთან დაკავშირებული რეგულაციების შერბილების პროცესი დაიწყო. უწყებამ გასულ თვეს განაცხადა, რომ ასაკთან დაკავშირებული ტესტოსტერონის შემცირების მქონე მამაკაცებისთვის თერაპიის გამოყენებაზე არსებული შეზღუდვების მოხსნას განიხილავს.

ამ გადაწყვეტილებას დემოკრატების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, ჰეგსეტის ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის მისივე პოლიტიკასთან, რომლის ფარგლებშიც ტრანსგენდერ სამხედროებს, რომლებიც ხშირად ჰორმონულ თერაპიას საჭიროებენ, სამხედრო სამსახური აეკრძალათ.