Galt&Taggart–მა ტურიზმის პროგნოზს გადახედა. მიმდინარე წელს საინვესტიციო ბანკი საქართველოში 4.9 მლნ ტურისტის შემოსვლას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0.4 მლნ ტურისტით შემცირებული მაჩვენებელია. G&T-ს წინა პროგნოზით, 2019 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობის წლიური ზრდა 11.4% უნდა ყოფილიყო, ახალი პროგნოზით კი ზრდა 3.5% იქნება. პროგნოზის შემცირების მიზეზი რუსეთის მიერ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვებია. ამასთან, ბანკმა შეამცირა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის პროგნოზიც. კერძოდ, G&T ელოდება, რომ წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6.9%–ით გაიზრდება და 3.4 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც წინა პროგნოზს 200 მლნ დოლარით ჩამორჩება. სწორედ ამ თანხად შეაფასა ბანკმა რუსული შეზღუდვების გავლენა ტურისტულ შემოსავლებზე.
G&T-ს მონაცემებით, მცირდება ქვეყანაში თითო ტურისტის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხის მოცულობაც. კერძოდ, თუკი 2018 წელს თითო ტურისტისგან ქვეყანამ საშუალოდ 447.3 დოლარი მიიღო, 2018 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 365 დოლარამდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ თითო ტურისტისგან მიღებული თანხა მაისიდან მცირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში ქვეყანამ თითო ტურისტისგან საშუალოდ 437 დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 3.6%–ით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, ტურისტების რაოდენობამ ჯამური შემოსავალი დააკომპენსირა და ჯამში მაისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 270 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 10.1%–ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ივნისში თითო ტურისტისგან მიღებული შემოსავალი 467 დოლარი იყო, რაც წლიურად 12.8%–ით შემცირებული მაჩვენებელია. ჯამურად კი ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 340 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო – 4.5%–ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე.
თითო ტურისტის მიერ მიღებული შემოსავალი შემცირდა ივლისშიც, – კერძოდ ივლისში ერთი ტურისტისგან ქვეყანამ 425 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 17%–ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ივლისში კლება დაფიქსირდა ჯამურ შემოსავალშიც და მან 375 მლნ დოლარი შეადგინა – 13.4%–ით ნაკლები 2018 წლის მონაცემზე.
რაც შეეხება აგვისტოს, – გასულ თვეს ქვეყანამ თითო ტურისტისგან საშუალოდ 365 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წლის აგვისტოს მონაცემზე 14%–ით ნაკლებია. ამავე პერიოდში ჯამურად ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 10.6%–ით შემცირდა წლიურად და 396 მლნ დოლარი შეადგინა.
ამასთან, G&T-ს კვლევაში ვკითხულობთ, რომ რუსეთიდან ვიზიტორების შემცირების ტემპი მოსალოდნელზე დაბალი იყო, მაშინ როცა მკვეთრად მცირდება ირანელი ვიზიტორების რაოდენობა.
აგვისტოში საქართველოში 207 899 რუსი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8.5%–ით ჩამოუვარდება. გამოდის, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში 19 215 რუსით ნაკლები შემოვიდა.
თითქმის იმავე რაოდენობის მოგზაურები დააკლდა ქვეყანას ირანიდან. კერძოდ, აგვისტოში საქართველოში 17 075 ირანელი მოგზაური შემოვიდა, რაც წლიურად 52%–ით შემცირებული მაჩვენებელია და 18 496–ი მოგზაურით ნაკლებია 2018 წლის აგვისტოზე.
8 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2 მილიარდ დოლარს გადასცდა და 2 მილიარდ 227 მილიონი დოლარი შეადგინა.