თვითმფრინავების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორი 2024 წლის ბოლოს დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. აღნიშნულის მიზეზი ბოლო დროს მწარმოებლის ფლაგმანური მოდელის 737 MAX-ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული კრიზისია, რომლიდან გამოსვლას კომპანია ჯერჯერობით ვერ ახერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, დეივ კალჰუნთან ერთად თანამდებობებს კომპანიის სხვა აღმასრულებლებიც დატოვებენ.
შეგახსენებთ, რომ ყველაფერი 5 იანვარს დაიწყო, როდესაც ამერიკული ავიაკომპანია Alaska Airlines-ის კუთვნილ Boeing 737 MAX 9-ს შუა ფრენის დროს საავარიო კარი მოსძვრა და თვითმფრინავს ავარიულად დაშვება მოუწია. კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დეივ კალჰუნმა, რომელიც Boeing-ის CEO-ს თანამდებობას 2020 წლიდან იკავებს, აღნიშნულ ინციდენტს კომპანიისათვის „წყალგამყოფი“ მომენტი უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ კომპანიამ ფუნქციონირება „თავმდაბლობითა და სრული გამჭვირვალობით“ უნდა გააგრძელოს და პარალელურად კომპანიის ყველა დონეზე ხარისხსა და უსაფრთხოებაზე სრული ვალდებულება აიღოს.
დეივ კალჰუნის განცხადებით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება „100%-ით“ მას ეკუთვნის. კალჰუნისგან განსხვავებით, თანამდებობას მყისიერად ტოვებს კომპანიის კომერციული თვითმფრინავების მიმართულების CEO სტენ დილი და მას ორშაბათიდან სტეფანი პოუპი ჩაანაცვლებს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ინციდენტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებით, უცნობია.