შაბათს, დრონების თურქულმა მაგნატმა, Baykar-მა განაცხადა, რომ მისი უპილოტო გამანადგურებლების პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა. Baykar-ის ინფორმაციით, პირველი თურქული უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავის პირველი პროტოტიპის საწარმოო ხაზი უკვე ამუშავდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე Baykar-ის მთავარმა ტექნოლოგიურმა ხელმძღვანელმა, ყველასათვის კარგად ცნობილი Bayraktar TB2-ის ინჟინერმა, სელჩუკ ბაირაქთარმა გაავრცელა.
პირველ თურქულ უპილოტო გამანადგურებელს Baykar Bayraktar Kizilelma ერქმევა, რაც თურქულად წითელ ვაშლს ნიშნავს. ცნობისათვის, თურქულ მითოლოგიაში წითელი ვაშლი იმ მიზნებს, იდეებსა და ოცნებებს განასახიერებს, რომლებიც რაც უფრო მიუღწეველია, მით უფრო მიმზიდველია.
უპილოტო თვითმფრინავის პირველი პროტოტიპი საცდელ ფრენას 2023 წელს განახორციელებს. შეგახსენებთ, რომ Baykar-ი დრონების მწარმოებელი უმსხვილესი თურქული სამხედრო კომპანიაა. ამჟამად კომპანია Bayraktar TB2-ის გაუმჯობესებულ ვერსიაზე, Bayraktar TB3 UCAV-ზე მუშაობს.
პირველ თურქულ უპილოტო გამანადგურებელს რეაქტიული ძრავი ექნება და აფრენასა და დაჯდომას ასევე თურქული წარმოების გემზე TCG Anadolu-ზე შეძლებს. ამისათვის კი გემზე განთავსებულ ვერტმფრენის სადესანტო პლატფორმას გამოიყენებს. თურქული მხარის ინფორმაციით კი, ასეთი ტიპის გემი მსოფლიოში პირველი ამ კლასის გემი იქნება, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატის მიღება შეეძლება.
ავტონომიურად მანევრირებად უპილოტო გამანადგურებელს პილოტირებად თვითმფრინავთან ტანდემში ფუნქციონირება შეეძლება და ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტებით იქნება აღჭურვილი.
Kizilelma-ს 5 საათის განმავლობაში ფრენა და 800 კილომეტრ/საათი სიჩქარის განვითარება შეეძლება. უპილოტო გამანადგურებლისათვის 1.5 ტონა საბრძოლო მასალის მიმაგრება იქნება შესაძლებელი.