რუსებმა მარტში ბანკებიდან თითქმის $10 მილიარდი გაიტანეს

რუსებმა მარტში ბანკებიდან თითქმის $10 მილიარდი გაიტანეს

რუსული ბანკებიდან დოლარის გადინება მარტშიც გაგრძელდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ქვეყნის ბანკებში სავალუტო ანაბრების მოცულობა გასულ თვეში 9.8 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.

მარეგულირებლის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშებიდან და დეპოზიტებიდან ვალუტის ყველაზე დიდი გადინება მარტის პირველ ათ დღეში მოხდა და ბოლო კვირაში შეჩერდა.

სააგენტო RBC წერს, რომ სავალუტო ნაშთების კლების დინამიკაზე გავლენა ჰქონდა რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ შემოღებულ შეზღუდვებს. 9 მარტს, მარეგულირებელმა საკრედიტო ორგანიზაციებს დაავალა 10 ათას დოლარიანი ლიმიტი შემოეღოთ ფიზიკური პირების მიერ ვალუტის განაღდებაზე. ვალუტის გატანა კი, მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვისაც 9 მარტამდე ჰქონდა გახსნილი ანგარიში ან ვადიანი ანაბარი.

კლიენტების სავალუტო ანგარიშებიდან და დეპოზიტებიდან თანხის გადინება თებერვალშიც მოხდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, თებერვალში ბანკებში სავალუტო ანაბრები 180 მილიარდი რუბლით შემცირდა, თუმცა ეს მონაცემი არ ითვალისწინებს ვალუტის კურსისა და დარიცხულ პროცენტების გამო ცვლილებებს.

გამოცემა VPost-ი კი, ორგანიზაცია Frank RG -ის შეფასებით წერს, რომ სავალუტო ანაბრებიდან კლიენტებმა თებერვალში 600 მილიარდი რუბლი მოხსნეს. ამ თვეში, დოლარის ნომინალური კურსის გათვალისწინებით, სავალუტო გადინება სავარაუდოდ, 7.76 მილიარდი აშშ დოლარი იქნებოდა.