Forbes-ის მილიარდერთა სიაში მყოფი ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ამასთან, ყველაზე მეტს ინჟინერიაში ან კომპიუტერულ მეცნიერებებში.
Forbes Georgia დაინტერესდა, რა ისწავლეს ან არ ისწავლეს ყველასთვის ნაცნობმა მილიარდერებმა და რას ფიქრობენ ისინი განათლებაზე.
ილონ მასკი – Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და SpaceX-ის დამფუძნებელი, $236.8 მილიარდი
მასკის ფავორიტი საგნები სკოლაში ფიზიკა და კომპიუტერული მეცნიერებები იყო, ამ საგნებში მას შედეგებიც მაღალი ჰქონდა. ცნობისთვის, მასკი Stanford-ში მიიღეს, თუმცა სწავლაზე უარი თქვა თავისი პირველი ბიზნესის, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Zip2-ის გამო. ხოლო პენსილვანიის უნივერსიტეტში მასკმა ფიზიკისა და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა დაასრულა. მას ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით სურდა მუშაობა, თუმცა, როდესაც იმ დროისთვის მსოფლიოში უდიდეს კოლაიდერს აშშ-მ სახელმწიფო დაფინანსება შეუწყვიტა, მასკმა გადაწყვიტა კარიერული არჩევანი შეეცვალა.
ჯეფ ბეზოსი – Amazon-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, Blue Origin-ს და The Washington Post-ის მფლობელი, $179.5 მილიარდი
ბეზოსი პრინსტონის უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრია – მან უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა. მანამდე ბეზოსი ტექსასსა და ფლორიდაში, საჯარო სკოლებში სწავლობდა. ხოლო სკოლაში სწავლის პერიოდში მაკდონალდსში მორიგებოდა, სამზარეულოში. ბეზოსი წარჩინებული მოსწავლე იყო და ეროვნული სტიპენდიაც ჰქონდა. მან სკოლის გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ოცნებაა, ცივილიზაცია გადაარჩინოს კოსმოსის კოლონიზაციით.
ბილ გეიტსი – Microsoft-ის თანადამფუძნებელი, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის თანადამფუძნებელი, $130.2 მილიარდი
ბილ გეიტსმა 1973 წელს ჰარვარდში სამართლის მიმართულებით ჩააბარა, თუმცა საგნებს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებიდან ირჩევდა. ორ წელიწადში მან მაიკროსოფტი დააფუძნა და კომპანიის განვითარებაზე გადართვის გამო უნივერსიტეტიც მიატოვა. 2007 წელს, როდესაც მას საპატიო დოქტორის ტიტული მიანიჭეს ჰარვარდში, გეიტსმა გაიხსენა, თუ რა შთამბეჭდავი გამოცდილება იყო ჰარვარდში ლექციებზე დასწრება და სწავლა. მან ასევე თქვა, რომ არ ემხრობა უნივერსიტეტის მიტოვების იდეას და მეტიც, საკუთარი ფონდიდან მნიშვნელოვან თანხას ხარჯავს სტუდენტების დასახმარებლად, უკეთ აარჩიონ უნივერსიტეტები.
უორენ ბაფეტი – ბერკშირ ჰეთევეის CEO, $114.7 მილიარდი
უორენ ბაფეტი 16 წლის ასაკში ჩაირიცხა პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის ბიზნეს სკოლაში, თუმცა მალევე მიატოვა და ოჯახს განუცხადა, რომ სწავლის ნაცვლად ბიზნესის კეთება ერჩივნა. ბაფეტი პოზიტიურად იხსენებს ნებრასკა ლინკოლნის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს და ამბობს, რომ არ ახსენდება საგანი, რომელმაც მას აქ იმედები გაუცრუა. მას შემდეგ, რაც ჰარვარდის ბიზნესსკოლამ არ მიიღო, ბაფეტმა კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა და ხარისხიც მიიღო. 2001 წელს მან თქვა – „თუკი გაინტერესებთ ბიზნესი, ან გინდათ ბიზნესში ყოფნა, MBA ნამდვილად სასარგებლოა“.
ლარი პეიჯი – Alphabet-ის (Google) თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, $114.6 მილიარდი
პეიჯი სტენფორდის უნივერსიტეტის მაგისტრია კომპიუტერულ მეცნიერებებში – სწორედ ამ დროს გაიცნო მან სერგეი ბრინი, Google-ის თანადამფუძნებელი. მანამდე პეიჯი მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო კომპიუტერულ ინჟინერიაში. გარდა ამისა, პეიჯს აქვს მუსიკალური განათლებაც – ის საქსოფონზე უკრავდა და მუსიკის კომპოზიციას ეუფლებოდა. მისი თქმით, სწორედ მუსიკამ მიაჩვია დროის კონტროლსა და სისწრაფის სიყვარულს – ცნობილია, რომ Google-ის ყველა პროდუქტს პეიჯი სწორედ სისწრაფის კომპონენტით აფასებს.
სერგეი ბრინი – Alphabet-ის (Google) თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, $110.4 მილიარდი
სერგეი ბრინმა მერილენდის უნივერსიტეტის ბაკალავრის ორმაგი ხარისხი კომპიუტერულ სისტემებსა და მათემატიკაში 19 წლის ასაკში მიიღო. მაღალი აკადემიური მოსწრების გამო მან პრესტიჟული სტიპენდიაც მიიღო ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან – სწორედ ამ თანხით დაიფინანსა სწავლა სტენფორდის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.
ლარი ელისონი – Oracle-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ტექნოლოგიური ოფიცერი (CTO) – $104.7 მილიარდი
ლარი ელისონი ბავშვობიდან გეგმავდა მედიცინის მიმართულებით ესწავლა, თუმცა, ახლა იხსენებს, რომ ეს მის ოცნებაზე მეტად, მისი ახლობლების ოცნება და სურვილი იყო. მან ორჯერ ჩააბარა უნივერსიტეტში, თუმცა სწავლა ორივეჯერ მიატოვა – ერთხელ ჩიკაგოს უნივერსიტეტში, მეორეჯერ კი ილინოისის უნივერსიტეტში. სწავლის შეწყვეტის შემდეგ ის მონაცემთა ბაზებს ქმნიდა CIA-სთვის, მოგვიანებით კი Oracle დააფუძნა. ელისონი ახალგაზრდებს ურჩევს, არასდროს შეეშინდეთ ექსპერიმენტების და მუდმივად გამოცადონ სიახლეები.
მუკეშ ამბანი – Reliance Industries-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, $89.7 მილიარდი
მუკეშ ამბანიმ ბაკალავრის ხარისხი ქიმიურ ინჟინერიაში მუმბაიში, ქიმიური ტექნოლოგიების ინსტიტუტში მიიღო. 1980 წელს მან სტენფორდის უნივერსიტეტის MBA პროგრამაზე დაიწყო სწავლა, თუმცა, მალევე მიატოვა, რათა მამამისს ბიზნესის გაფართოებაში დახმარებოდა – სწორედ აქედან დაიწყო ამბანის მილიარდობით დოლარის მოცულობის ბიზნესის განვითარება. კითხვაზე, რა ასწავლა უნივერსიტეტმა, ამბანი უპასუხებს – მოთმინება, სიმტკიცე და ენთუზიაზმის შენარჩუნება.
ჭუნ შანშან – Nongfu Spring-ის თავმჯდომარე, $79.4 მილიარდი
შანშანმა სკოლა ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს მიატოვა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშობლები დაუხოცეს. ის სწავლის სანაცვლოდ ფიზიკურად მუშაობდა მშენებლობაზე. 1977 წელს მან ჩინური ენის სასწავლად ჩააბარა ჭეიანის რადიოსა და სატელევიზიო უნივერსიტეტის პროგრამაზე და 1988 წლამდე ჟურნალისტად მუშაობდა, შემდეგ კი ბიზნესსექტორში გადაინაცვლა.
მარკ ცუკერბერგი – Meta-ს თანადამფუძნებელი, $75.5 მილიარდი
მარკ ცუკერბერგმა მაღალი ხარისხის ზოგადი განათლების მიღების შემდეგ სწავლა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში გააგრძელა. აქ ის კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ფსიქოლოგიას სწავლობდა. თუმცა, „The Facebook“-ის გაშვების შემდეგ, 2004 წელს მან უნივერსიტეტი მიატოვა. დღეს ცუკერბერგი და მისი მეუღლე, პრისცილა ჩანი აქტიურად უჭერენ მხარს სასკოლო განათლების განვითარებას – მათ უკვე მილიარდამდე დოლარი გაიღეს სკოლებში სწავლების გასაუმჯობესებლად. თავად ცუკერბერგს მიაჩნია, რომ ტექნოლოგიები და პერსონალიზებული სწავლება შეძლებს „დანგრეული“ სასკოლო სისტემის გაუმჯობესებას.