მერილენდის მკვიდრი დევიდ ბენეტი, რომელსაც ქირურგებმა, ისტორიაში პირველად, ღორის გული გადაუნერგეს, ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ, მარტში გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. გამოცემა MIT Technology Review-ის თანახმად, ცოტა ხნის წინ პაციენტის ექიმმა აღმოაჩინა, რომ ქსენოტრანსპლანტაციის წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა, ღორის ვირუსი გამხდარიყო, რომელიც ინფიცირებული ორგანოს გადანერგვის შედეგად ბენეტის სხეულში გავრცელდა.
დევიდ ბენეტს, რომელსაც გულის ბოლო სტადიის დაავადება ჰქონდა, ოპერაცია ბალტიმორში მდებარე მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 7 იანვარს ჩაუტარდა. როგორც ექიმები აცხადებდნენ, ორგანიზმმა ღორის გული წარმატებით მიიღო, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და ის 8 მარტს გარდაიცვალა.
სპეციალისტებმა პაციენტის გარდაცვალების მიზეზის გამოკვლევა დაიწყეს. ბარტლი გრიფიტის განცხადებით, რომელიც გადანერგვის ოპერაციას უძღვებოდა, გული ღორის ციტომეგალოვირუსით დაინფიცირდა, რაც შესაძლოა, ბენეტის გარდაცვლების მიზეზად იქცა.
ღორი, რომლის გულიც დევიდ ბენეტს გადაუნერგეს, ბიოტექნოლოგიური კომპანია Revivicor-ის მიერ იყო გამოზრდილი. კომპანიაში მომუშავე მეცნიერებმა ცხოველის გენეტიკა ისე შეცვალეს, რომ მას არ ჰქონდა გენი, რომელიც ალფა-გალაქტოზაზეა პასუხისმგებელი. ამ უკანასკნელს ადამიანის ორგანიზმი ვერ ეთვისება.
ბარტლი გრიფიტის განცხადებით, თუკი ქსენოტრანსპლანტაციის წარუმატებლობის მიზეზი ნამდვილად ვირუსია, მომავალი ოპერაციების დროს ამ დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელი იქნება.