2018 წელს სახელმწიფო კომპანიას 716.5 მლნ ლარის ზარალი უფიქსირდება.
საქართველოს რკინიგზის შემოსავლები კლებას განაგრძობს. სახელმწიფო კომპანიამ 2018 წელი 424.6 მლნ ლარის შემოსავლით დაასრულა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.2%-ით ჩამორჩება. საქართველოს რკინიგზის შემოსავლები ბოლო სამი წელია მცირდება.
საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 2012 – 2018 წლები:
- 2012 – 469.8 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 350 მლნ ლარი
- 2013 – 481.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 364 მლნ ლარი
- 2014 – 511.5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 382.7 მლნ ლარი
- 2015 – 574.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 440 მლნ ლარი
- 2016 – 439,9 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 292.6 მლნ ლარი
- 2017 – 434,5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 312,9 მლნ ლარი.
- 2018 – 424.6 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 292,9 მლნ ლარი.
საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 2018 წელს ქვეყნის მშპ-ს 1%-ის ტოლი იყო, მაშინ როდესაც მაგალითად 2015 წელს ეს მაჩვენებელი 1.8% იყო.
საქართველოს რკინიგზის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად ტვირთების გადაზიდვაზე მოდის.
2018 წელს საქართველოს რკინიგზამ 10 005 000 ტონა ტვირთი გადაზიდა, ნაცვლად 2017 წლის 10,672,568 ტონისა.
გასულ წელს შემცირდა ნავთობპროდუქტების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი და მან 96.2 მლნ ლარი შეადგინა, ნაცვლად წინა წლის 107 მილიონი ლარისა. ნავთობპროდუქტების უმეტესობა აზერბაიჯანზე (27%), თურქმენეთზე (19%), რუსეთსა (20%) და ყაზახათზე (11%) მოდის. რაც შეეხება ნედლ ნავთობს, საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული მოცულობის 94% აზერბაიჯანზე მოდის. საქართველოდან გადაზიდული ნედლი ნავთობის საბოლოო დანიშნულების პუნქტები კი იტალია და აშშ-ია. რკინიგზამ 2018 წელს ნედლი ნავთობის გადაზიდვით 3.9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 8.1 მლნ ლარს შეადგენდა.
შემცირებულია მარცვლეულის გადაზიდვით მიღებული შემოსავალიც და მან 7.6 მლნ ლარი შეადგინა, ნაცვლად 2017 წლის 8 მლნ ლარისა.
რაც შეეხება შავი ლითონებისა და ჯართის გადაზიდვას, ამ გზით რკინიგზამ 9.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 0.2 მლნ ლარით შემცირებული მაჩვენებელია.
11.3 მლნ-ს შემოსავალი მიიღო რკინიგზამ შაქრის გადაზიდვით, რაც წლიურად 38.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ქიმიკატებისა და სასუქების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი 8.1%-ით გაიზარდა და მან 13.7 მლნ ლარი შეადგინა.
გაზრდილია სამშენებლო ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალიც და მან 2018 წელს 6.6 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს რკინიგზამ 5.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო ე.წ. ინდუსტრიული ტვირთების გადაზიდვით. ცემენტის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი კი 1.5 მლნ ლარამდეა გაზრდილი.
გასულ წელს გაიზარდა რკინიგზის ბონდების შემოსავლიანობა. კერძოდ: რკინიგზის 10 წლიანი კორპორატიული აშშ დოლარით დენომინირებული ბონდების შემოსავლიანობა 2018 წლის ბოლოს 6.5% იყო, 2017 წლის ბოლოს კი 4.7%. წლის განმავლობაში ბონდების ყველაზე მაღალი შემოსავლიანობა დეკემბერში დაფიქსირდა – 6.5%, ყველაზე დაბალი კი 2018 წლის იანვარში – 4.9%. საქართველოს რკინიგზის ბონდების შემოსავლიანობა 2017 წელს საშუალოდ 4.7% იყო, 2016 წელს 6.3%, ხოლო 2015 წელს კი 7.2%.
რაც შეეხება კომპანიის წმინდა მოგებას, რკინიგზის აუდირებული მონაცემებით ის კვლავ ზარალზეა. 2017 წელს რკინიგზას 354 მილიონის ზარალი უფიქსირდებოდა. ამ პერიოდში ეს მაჩვენებელი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის აქტივების გაუფასურების ზარალში აღიარებას უკავშირდებოდა. ამ ფაქტორის გარეშე კი 2017 წელს რკინიგზის მოგება 29 მილიონი უნდა ყოფილიყო.
2018 წელს კი რკინიგზას 716.5 მლნ ლარის ზარალი უფიქსირდება. მიზეზებს Forbes-თან რკინიგზაში შემდეგნაირად განმარტავენ:
“2018 წელს კომპანიამ IFRS 36- ის შესაბამისად მოახდინა აქტივების გაუფასურება, რის დროსაც იხელმძღვანელა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტვირთბრუნვის შემცირებით, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია ძირითადი საშუალებების საბუღალტრო ღირებულების დაკორექტირების აუცილებლობა, რაც დადასტურებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და აისახა ფინანსურ ანგარიშგებაში ზარალის სახით. რამაც კურსთაშორის სხვაობით მიღებულ ზარალთან ერთად შეადგინა 283 მლნ. აშშ დოლარი”, – ნათქვამია რკინიგზის მიერ Forbes-სთვის მოწოდებულ განცხადებაში.
ამასთან სახელმწიფო კომპანიაში განმარტავენ, რომ ტვირთბრუნვის გაზრდის პირობებში ძირითადი საშუალებების ღირებულება დაუბრუნდება თავდაპირველ ნიშნულს.
“მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტორს, რომ ძირითადი საშუალებების დაკორექტირება/გაუფასურება თავისთავად არაფულადი დანახარჯია და არ იწვევს ფულადი სახსრების შემცირებას. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, კომპანია 2018 წელს 24.4 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულებდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ მიუხედავად სირთულეებისა, 2018 წელს კომპანიამ მოახერხა საოპერციო მარჟის 40%-ზე ზემოთ შენარჩუნება, რაც ინდუსტრიაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია”, – ვკითხულობთ რკინიგზის ოფიციალურ განცხადებაში.
რაც შეეხება ტვირთბრუნვას, რკინიგზაში განმარტავენ, რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ტვირთის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო ნედლი ნავთობის მილსადენში გადამისამართებით, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა ტვირთის გადაზიდვის სტრუქტურაში.
“ბოლო პერიოდში, მენეჯმენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 28 %-ით (15,7 მლნ. ლარი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. თხევადი ტვირთების გადაზიდვის შემცირება დაკომპენსირდა მშრალი ტვირთების გადაზიდვების 15 % იანი ზრდით, მათ შორის გასამმაგდა საკონტეინერო გადაზიდვები. შესაბამისად 2019 წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, გადაზიდვის მაჩვენებელი გაიზარდა 4.3%-ით. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემების შესაბამისად 8 %- ით გაზრდილია ჯგუფის მთლიანი საოპერაციო შემოსავალიც, ხოლო საოპერაციო ხარჯები შემცირებულია 4,7 %-ით. აგრეთვე 33%-იანი ზრდა დაფიქსირდა საოპერაციო მოგების კუთხით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს და გარკვეულწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, კომპანიამ მოახერხა ტარიფების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისა და სამგზავრო მატარებლების უტილიზაციის გაზრდის შედეგად მგზავრთა გადაყვანის ზარალის შემცირება, კერძოდ 2018 წელს მგზავრთა დაგადაყვანებიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 20%-ით წინა წელთან შედარებით, ხოლო 2019 წლის 1 კვარტალში დაფიქსირდა 12% ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.
2019 წლის მარტში, Fitch Raiting-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი B+ positive-იდან BB- stable-ზე აწია, ხოლო 2019 წლის აპრილში S&P-მ რეიტინგი B+ stable-დან B+ positive-ით შეცვლა. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე, დღეის მდგომარეობით საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები ივაჭრება 107,75 აშშ დოლარად, რაც დაახლოებით 1 აშშ დოლარით აღემატება 2018 წლის საშუალო მაჩვენებელს.