იურიდიული პრაქტიკა აუდიტორულ ფირმებში ტრადიციული იურიდიული ფირმების რეალური კონკურენტია.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში აუდიტორული ფირმების პრაქტიკის გაფართოება იურიდიული მომსახურების მიმართულებით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ტრადიციული იურიდიული ფირმებისთვის. ამ ტრენდმა შესაძლებელია, არა მხოლოდ კონკურენცია გაზარდოს იურიდიულ ბაზარზე, არამედ ამ ბაზრის არსებითი ტრანსფორმაციაც გამოიწვიოს. უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტორული ფირმების მიერ იურიდიული მომსახურების ბაზარზე შესვლის საკმაოდ წარმატებული პირველი მცდელობები ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, თუმცა Enron-ის სკანდალის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულმა საკანონმდებლო რეფორმებმა 2000-იან წლებში შეზღუდა აუდიტორული ფირმების უფლება, საკონსულტაციო (advisory) მომსახურება გაეწიათ ე.წ. “აუდიტის კლიენტებისთვის”.
იურიდიული მომსახურების ბაზრის დერეგულირების მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ და გაერთიანებული სამეფო, რადგანაც სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის მსოფლიო იურიდიული ბაზრის 50%-ზე მეტი. 2007 წელს გაერთიანებულ სამეფოში განხორციელდა იურიდიული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დერეგულირება. კერძოდ, Legal Services Act-მა შესაძლებელი გახადა ინგლისისა და უელსის ტერიტორიაზე იურიდიული მომსახურების გაწევა ე.წ. ABS – Alternative Business Structure ლიცენზიის საფუძველზე. ამან აუდიტორულ ფირმებს საშუალება მისცა, ABS ლიცენზიით კვლავ დაეწყოთ იურიდიული მომსახურების გაწევა ინგლისისა და უელსის ტერიტორიაზე, თუმცა აშშ-ში აუდიტორული ფირმებისთვის კვლავაც მოქმედებს ეს შეზღუდვები. დღეის მდგომარეობით წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული ფირმები ამა თუ იმ ორგანიზაციული ფორმით აქტიურად ეწევიან იურიდიულ მომსახურებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინგლისი და უელსი, ავსტრალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩინეთი, მექსიკა და სხვა. მაგალითად: BDO იურიდიულ პრაქტიკას 20 ქვეყანაში ეწევა, PWC – 85, KPMG – 69, EY – 80 ქვეყანაში და ასე შემდეგ.
გლობალური ტრენდის ანალოგიურია სიტუაცია საქართველოშიც, სადაც ბაზარზე წარმოდგენილი როგორც საერთაშორისო, ასევე ზოგიერთი ადგილობრივი აუდიტორული ფირმა აქტიურად ეწევა იურიდიულ პრაქტიკას. EY ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენს იურიდიულ ბაზარზე EY Law Georgia-სა და ასევე მისი წინამორბედის, GCG Law Office-ის სახით. BDO იურიდიულ მომსახურებას 2005 წლიდან სთავაზობდა კლიენტებს, ხოლო 2008 წელს შვილობილი იურიდიული ფირმა BDO LEGAL-ის მეშვეობით ეწევა იურიდიულ პრაქტიკას. Deloitte უკვე მრავალი წელია, წარმოდგენილია იურიდიულ ბაზარზე. ბოლო წლების განმავლობაში იურიდიული მიმართულების განვითარება აქტიურად დაიწყეს ასევე KPMG-მ და PWC-მაც. წამყვან ქართულ იურიდიულ ფირმებში იურისტთა რაოდენობა საშუალოდ ათიდან ოცამდე მერყეობს. ამ კუთხით აუდიტორული ფირმების იურიდიული გუნდები საშუალო ზომის იურიდიულ ფირმებად შეგვიძლია, მივიჩნიოთ (PWC-5 იურისტი, BDO LEGAL – 12 იურისტი, EY -14 იურისტი).
საინტერესოა აუდიტორული და იურიდიული ფირმების გლობალური ბაზრის შედარება, სადაც აშკარად იკვეთება, რომ აუდიტორულ ბრენდებს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვთ ახალი, მათ შორის იურიდიული სერვისების განვითარებისთვის. 10 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის ჯამური შემოსავალი 5-ჯერ აღემატება 10 უმსხვილესი იურიდიული ფირმის შემოსავალს (მონაცემები აღებულია ონლაინ წყაროებიდან 2018 წლის მდგომარეობით და შესაძლოა, მცირე უზუსტობებს შეიცავდეს).
შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე გლობალურად აუდიტორული ფირმები ე.წ. mid-tier იურიდიული ფირმების პირდაპირი კონკურენტები არიან, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აუდიტორული ფირმების შემოსავალი იურიდიული მიმართულებიდან ორნიშნა რიცხვით იზრდება. ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Kerma Partners-ის მონაცემებით, წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული ფირმების წილი, მაგალითად, გერმანიის იურიდიულ ბაზარზე 20%-ს შეადგენს, ხოლო ესპანეთში ეს რიცხვი 30%-ს უტოლდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ სტატისტიკურმა მონაცემებმა განაპირობა ის, რომ, ALM Intelligence-ის კვლევის თანახმად, ტრადიციული იურიდიული ფირმების უმრავლესობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან კონკურენტულ საფრთხედ აუდიტორულ ფირმებს ასახელებს.
2016 წელს აუდიტორული ფირმების იურიდიული მიმართულების ჯამურმა შემოსავალმა საქართველოში 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. ტრადიციული იურიდიული ფირმების შემოსავლები არ საჯაროვდება, ამიტომ ვერ ვახდენთ იურიდიული ფირმებისა და აუდიტორული ფირმების იურიდიული პრაქტიკის შემოსავლების ურთიერთშედარებით ანალიზს. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აუდიტორული ფირმების იურიდიული პრაქტიკის ჯამური შემოსავალი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ნაკლებია ტრადიციულ იურიდიულ ფირმებთან შედარებით. თუმცა ზოგადი გლობალური ტრენდის ანალოგიურად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში აუდიტორული ფირმების მიერ იურიდიული პრაქტიკიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად იზრდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული იურიდიული ბაზრის ეს მოცემულობა ასახულია ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების (როგორიცაა Legal500, IFLR1000, Chambers & Partners) მი ერ შედგენილ ქართული იურიდიული ფირმების რეიტინგებში, სადაც რამდენიმე აუდიტორული ბრენდი წამყვანი ქართული იურიდიული ფირმების სიაში მოხვდა. მაგალითად, Legal 500-ის რეიტინგში (Commercial, Corporate and M & A) BDO LEGAL-ი და PWC-ი მეორე ჯგუფში არიან განთავსებული “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებსა” და BLC-სთან ერთად. ამავე რეიტინგში EY მესამე ჯგუფშია. რაც შეეხება ILFR 1000-ის რეიტინგს, BDO LEGAL-ი, “ღვინაძე და პარტნიორები” და “ბეგიაშვილი და კომპანია” მესამე ჯგუფში არიან განთავსებული.
AML Intelligence-ის მონაცემების თანახმად, 2016 წლისთვის გლობალური იურიდიული ბაზრის ზომა დაახლოებით 600 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, აუდიტორული/ საბუღალტრო მომსახურების – 450 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო საკონსულტაციო ბაზრის ზომა – 271 მილიარდ აშშ დოლარს. ამასთანავე, აუდიტორული ფირმების მოგების მარჟა საშუალოდ 22%-ს შეადგენს, იურიდიული ფირმების საშუალო მარჟა 37%-ია, ხოლო ზოგიერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი იურიდიული ფირმის მოგების მარჟა 66%-საც კი აღწევს. შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით იურიდიული მომსახურების ბაზარი ძალზე მიმზიდველია აუდიტორული ფირმებისთვის, მაგრამ გასა-თვალისწინებელია იურიდიული ბაზრის კონცენტრაციის დონე ანუ რამდენად ხელეწიფებათ წამყვან საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს, რომ დამატებითი ბარიერები შექმნან ბაზარზე აუდიტორული ფირმების იურიდიული მიმართულებით გაფართოებისთვის.
AML Intelligence-ის კვლევის თანახმად, პირველი ექვსი საერთაშორისო აუდიტორული ფირმის გლობალური აუდიტორული ბაზრის წილი 60%-ს აღემატება, მაშინ როდესაც იურიდიული მომსახურების გლობალური ბაზარი ძალიან ფრაგმენტირებულია და არც ერთ ტრადიციულ იურიდიულ ფირმას ამ ბაზრის 1%-ზე მეტი არ უკავია. ამიტომ მსხვილ საერთაშორისო აუდიტორულ ფირმებს, მათი ფინანსური, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების გათვალისწინებით, შეუძლიათ ისარგებლონ გლობალური იურიდიული ბაზრის ფრაგმენტაციით და აღნიშნულ ბაზარზე პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარონ. აუდიტორული ფირმების მიერ გლობალური იურიდიული ბაზრის მეტ-ნაკლებად არსებითი წილის მოპოვება არა მარტო მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება აუდიტორული კომპანიებისთვის, არამედ ამავე დროს იურიდიული ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს მათ. კერძოდ, თუ რომელიმე საერთაშორისო აუდიტორული ფირმა გლობალური იურიდიული ბაზრის 1%-ს მაინც დაიკავებს, მაშინ აღნიშნული ფინანსური მაჩვენებლით ის საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი იურიდიული ფირმა გახდება.
აუდიტორული ფირმების ბრენდის სიძლიერე, კლიენტთა ფართო ბაზა, ფინანსური, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსები და კლიენტებისთვის მომსახურების ფართო სპექტრის გაწევის შესაძლებლობა მყარ საფუძველს უქმნის აუდიტორულ ფირმებს, რომ კიდევ უფრო წარმატებულად გააფართოონ იურიდიული პრაქტიკა. რაც შეეხება სერვისებს, საწყის ეტაპზე აუდიტორულ ფირმებს უფრო ფოკუსირებული მიდგომა ჰქონდათ იურიდიულ სერვისებთან დაკავშირებით, ისინი კონცენტრირებას ახდენდნენ ისეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: საიმიგრაციო სამართალი, შრომის სამართალი, საგადასახადო დავები და საგადასახადო კონსულტაცია, ასევე რუტინული იურიდიული პროცედურები, რომელთა სტანდარტიზაცია შესაძლებელია ტექნოლოგიების გამოყენებით (სარეგისტრაციო სერვისები, შრომის სამართლებრივი პროცესების აუტსორსინგი). თუმცა იურიდიული მიმართულებიდან შემოსავლების ზრდის პარალელურად, აუდიტორულმა ფირმებმა აქტიურად დაიწყეს თავიანთი იურიდიული სერვისების გაფართოება ისეთი მაღალშემოსავლიანი პრაქტიკების მიმართულებით, როგორიცაა M&A, სხვადასხვა კორპორაციული საკითხის სამართლებრივი მხარდაჭერა, რეგულაციებთან შესაბამისობა და ასე შემდეგ.
აუდიტორულ ფირმებს შესაძლებლობა აქვთ, კლიენტს იურიდიული მომსახურება გაუწიონ და ეს სერვისი კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურების შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ. სწორედ ამ მიზნით აუდიტორული ფირმები ბაზარზე აქტიურად პოზიციონირებენ როგორც მულტიდისციპლინარული, გლობალური, ინტეგრირებული ბიზნესგადაწყვეტილებების კონსულტანტები. აუდიტორული ფირმების ასეთი მიდგომა სრულ თანხვდენაშია კორპორაციული კლიენტების მოთხოვნებთან, რომლებიც კონსულტანტებისგან ითხოვენ, მაგალითად, არა მხოლოდ წმინდა “სამართლებრივ” ან თუნდაც მხოლოდ “ფინანსურ გადაწყვეტას”, არამედ საკითხისადმი რაც შეიძლება ფართო, ყოვლისმომცველ მიდგომას – ე.წ. “მულტიდისციპლინარულ ინტეგრირებულ ბიზნესგადაწყვეტილებას”. კლიენტთა მოთხოვნები შორს მიმავალია, კერძოდ, ნებისმიერი სამართლებრივი რეკომენდაცია შესაბამისობაში უნდა იყოს კომპანიების სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან და ითვალისწინებდეს ამა თუ იმ საკითხის ტექნოლოგიურ შედეგებსაც. შესაბამისად, “მულტიდისციპლინარული ბიზნესგადაწყვეტა” საჭიროებს პროცესში არა მხოლოდ იურისტისა და, მაგალითად, საგადასახადო კონსულტანტის ჩართულობას, არამედ სპეციალისტების ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები. ბოლო დროს როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, კერძო თუ საჯარო სექტორისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს IT უსაფრთხოება და პერსონალური მონაცემების დაცვა (მაგალითად, ევროკავშირის GDPR-ის მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობაც გარკვეულ შემთხვევებში ქართულ კომპანიებსაც მოუწევთ). აუდიტორული ფირმების მომსახურებათა პორტფელი მოიცავს IT აუდიტს, კიბერუსაფრთხოებას, რაც მათ, ტრადიციული იურიდიული ფირმებისგან განსხვავებით, გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს და საშუალებას აძლევს, კლიენტებს შესთავაზონ IT და იურიდიული მომსახურების კომპლექსური პაკეტი, რომელიც მოიცავს ამ საკითხების არა მხოლოდ იურიდიულ თანამდევ შედეგებს, არამედ წმინდა ტექნოლოგიურ ასპექტებსაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ინოვაციები, პროცესების ავტომატიზაცია და ეფექტიანად მართვის მეთოდოლოგია აუდიტორულ ფირმებს საშუალებას აძლევს, კლიენტებს იურიდიული მომსახურება ოპტიმალური ხარჯებით გაუწიონ.
ტრადიციული იურიდიული ფირმები კვლავ იკავებენ როგორც გლობალური, ასევე საქართველოს იურიდიული ბაზრის მნიშვნელოვან წილს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დღეს აუდიტორული ფირმები აღარ წარმოადგენენ მხოლოდ საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურების გამწევ სუბიექტებს, არამედ ტრანსფორმირდნენ საერთაშორისო საკონსულტაციო, გლობალურ კომპანიებად, რომლებიც ფართო სპექტრის მქონე კომპლექსურ და ინტეგრირებულ პროფესიულ ბიზნესმომსახურებას ეწევიან, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ იურიდიულ მომსახურებას უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული მომსახურების მიმართულებით, ამ ეტაპზე, აუდიტორული ფირმები უშუალო საფრთხეს ე.წ. mid-tier იურიდიულ ფირმების ბაზრის წილს უქმნიან, ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლებელია, ახლო მომავალში აუდიტორული ფირმების იურიდიულ ბაზარზე უფრო მასშტაბური ექსპანსიის მომსწრე გავხდეთ.