Hyundai Motor Group-ი აშშ-ში $10 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს

Hyundai Motor Group-ი აშშ-ში $10 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს

სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა Hyundai-მ 2025 წლამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში დამატებით $5 მილიარდის ინვესტირების პირობა დადო. აღნიშნული თანხით ავტომწარმოებელი აშშ-ის ფირმებთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. ამას გარდა, $5.5 მილიარდი ელექტრომობილების სფეროს განვითარებას მოხმარდება.

Hyundai-ის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სამხრეთ კორეაში, ჯო ბაიდენის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული სამდღიანი ვიზიტის შემდგომ გაკეთდა. ჯგუფის თქმით, ინვესტიცია რობოტიკის, ურბანული საჰაერო მობილურობის, ავტონომიური მართვისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელდება. გარდა ამისა, Hyundai Motor-ისა და Kia Corp-ის მფლობელმა Hyundai Motor Group-მა შტატ ჯორჯიაში, ელექტრომობილებისა და ბატარეების ქარხნების განსავითარებლად $5.5 მილიარდის ინვესტირება დააანონსა.

ინვესტიციაზე საუბრისას, ბაიდენმა Hyundai-ის მსგავსი კომპანიების მხრიდან აშშ-ში ოპერაციების განხორციელებისა და ამასთან ერთად ელექტრომობილების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე სამუშაო ადგილების ზრდისთვის. ვიზიტისას ბაიდენმა Samsung-ის ჩიპების ქარხანაც დაათვალიერა. შეგახსენებთ, კორეული გიგანტი ტეხასში $17 მილიარდის ინვესტირებით საწარმოო ქარხნის მშენებლობას გეგმავს.

2025 წლამდე აშშ-ში Hyundai-ის მიერ განხორციელებული ინვესტიცია $10 მილიარდს და გასულ წელს დაგეგმილ $7.4 მილიარდს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ Hyundai Motor Group-ი 2030 წლამდე სამხრეთ კორეაში ელექტრომობილების ბიზნესის გასაფართოებლად დამატებით $16 მილიარდის ინვესტირებასაც გეგმავს.