Richard Mille-მ მსოფლიოში უთხელესი საათი შექმნა, რომელიც $1.88 მილიონი ღირს

Richard Mille-მ მსოფლიოში უთხელესი საათი შექმნა, რომელიც $1.88 მილიონი ღირს

საათების შვეიცარიულმა მწარმოებელმა, Richard Mille-მ და იტალიურმა ავტომწარმოებელმა, Ferrari-მ მსოფლიოში ყველაზე თხელი საათი, 1.75 მილიმეტრის სისქის RM UP-01 Ferrari შექმნეს, რომელიც $1.88 მილიონი ღირს. ამ საათმა, რომელიც კომპაქტ-დისკის სისქისაა, წინა რეკორდის მფლობელ Bulgari Octo Finissimo Ultra-ს 0.05 მილიმეტრით აჯობა. ცნობისთვის გეტყვით, რომ Mille-მ აღნიშნული საათის მხოლოდ 150 ერთეული შეიქმნა.

ფოტო: Richard Mille

მსოფლიოში უთხელესი საათის შესაქმნელად ინჟინრებმა მას Richard Mille-ს ციფერბლატის კასრის საკულტო ფორმა შეუნარჩუნეს და პარამეტრები მაქსიმალურად გაზარდეს – საბოლოო ჯამში, თავად ციფერბლატი 2.62 გრამს იწონის, ხოლო მთლიანად საათი – 30 გრამს. საათის სამაჯურის გაშლის სიგანე 39 მილიმეტრიდან 51 მილიმეტრამდე მერყეობს. საინტერესოა, რომ საათის ციფერბლატზე ლაზერულადაა დატანილი Ferrari-ს საკულტო სიმბოლო, შავი ცხენი კავალინო – ეს ერთადერთი დეტალია, რომელიც ორ კომპანიას შორის არსებულ კოლაბორაციაზე მიგვანიშნებს.

აღნიშნულ საათზე მუშაობა Richard Mille-მ ხუთი წლის წინ დაიწყო, მაგრამ სამუშაოთა მნიშვნელოვანი წილი გასული ორ-ნახევარი წლის განმავლობაში შესრულდა. მოგვიანებით, 2020 წელს, შვეიცარიულმა კომპანიამ Ferrari-ს მიმართა და ორ ცნობილ ბრენდს შორის პარტნიორობა შედგა.

„2020 წლის ზაფხულში, Ferrari-ს ამ საათის კონცეფცია რომ წარვუდგინეთ, ვუთხარით, აი, ამ პროექტის განვითარებას ვიწყებთ და ლოგიკური იქნებოდა, თუკი მას თქვენთან ერთად გავაკეთებთ“, – განაცხადა Richard Mille-ს წარმოების დირექტორმა, ივ მატისმა გამოცემა Penta-სთან საუბრისას. „ამგვარად, ისინი პროცესში მანამ ჩაერთნენ, სანამ კონტრაქტს ხელს მოვაწერდით“. ორ კომპანიას შორის ფორმალური შეთანხმება საბოლოოდ 2021 წლის იანვარში შედგა.

აღსანიშნავია, რომ Richard Mille-სა და Ferrari-ს თანამშრომლობა უცნაური და მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან 2001 წელს შექმნილი შვეიცარიული კომპანიის დევიზი, სწორედ „მაჯის ბოლიდია“. ამასთანავე, Mille-ს ავტოსპორტის მიმართ სიყვარული კომპანიის მიერ წარმოებულ საათებში ხშირად შეიმჩნევა.