ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, აზიური ტურნეს ფარგლებში ტაივანს საქმიანი ვიზიტით ეწვევა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ნენსი პელოსი ტაივანის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეხვდება, რომლებიც შეხვედრების შესახებ უკვე ინფორმირებულნი არიან.
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს ტაივანში, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ოფიციალური პეკინი უარყოფითად შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამგვარი ვიზიტის წინააღმდეგ არაერთხელ გაილაშქრეს და დასძინეს, რომ თუკი ის მართლაც შედგებოდა, ოფიციალური პეკინი შესაბამის ზომებს მიიღებდა.
ჩინეთის სამხედრო ძალების პრესსპიკერმა, ჭაო ლიჯიანმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის ჯარი „უსაქმოდ არ დაჯდება“. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის არმიის მიერ გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ პრესსპიკერს არაფერი უთქვამს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ კვირას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერს, სი ძინპინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ჩინეთის მმართველმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა ისაა, რასაც მისგან 1.4 მილიარდი ჩინელი მოქალაქე ითხოვს. მოგვიანებით, საუბრის ტრანსკრიპტის ამოკითხვის დროს, პრესსპიკერმა ჭაომ განაცხადა, რომ „ცეცხლთან მოთამაშე – დაისჯებოდა“.
შეგახსენებთ, რომ ნენსი პელოსის აზიური ტურნე ორშაბათს დაიწყო. თავდაპირველად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და დემოკრატიული პარტიის ოთხი წევრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლი სიენ-ლუნგს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის ფონზე, კუნძულის სიახლოვეს ჩინეთმა სამხედრო წვრთნები გამართა, საკუთარი არმიის დაფუძნების დღის აღსანიშნავად. ცნობისთვის გეტყვით, რომ სინგაპურის გარდა, ამერიკელ პოლიტიკოსთა დელეგაცია მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ-კორეას ეწვევა.