ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ათობით ამერიკული კომპანია 2022 წლის პირველი ნახევრის შემოსავლების შესახებ მონაცემებს გაასაჯაროებს. მათ შორის იქნება Starbucks-ი, Airbnb-ი, Moderna, eBay, PayPal-ი, Booking Holdings-ი და CVS Health-ი. ამასთან მოსალოდნელია Uber-ისა და AMC Entertainment-ის მონაცემების გამოქვეყნებაც. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას Apple-ისა და Amazon-ის მიერ გამოქვეყნებულმა შედეგებმა, რომლებმაც აჩვენა, რომ გიგანტი კომპანიები ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდნენ, პოზიტიური მოლოდინები შექმნა სხვა კომპანიების შემოსავლებთან მიმართებითაც.

მიმდინარე კვირას ამერიკის ფედერალური სარეზერვო სამსახურის წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებიც იგეგმება. მათი გამოსვლები საინტერესო და ყურადსაღები იქნება ინვესტორებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ გასულ კვირას ფედრეზერვმა მონეტარული პოლიტიკა 0.75 პროცენტული პუნქტით გაამკაცრა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მიმდინარე კვირას მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს ინგლისის ცენტრალური ბანკი. როგორც მოსალოდნელია, საპროცენტო განაკვეთებს ნახევარი პროცენტული პუნქტით გაზრდიან, რაც ყველაზე მასშტაბური ზრდა იქნება 1995 წლის შემდეგ. თუმცა ბანკის მმართველ ენდრიუ ბეილის პირობა აქვს დადებული, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რომ ქვეყანაში ინფლაცია შეჩერდეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას მონეტარული პოლიტიკის სხდომა გაიმართება ინდოეთშიც.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ევროკავშირი ივნისის უმუშევრობის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს, ივლისის უმუშევრობის მაჩვენებლის გამოქვეყნება იგეგმება კანადაში. ამასთან, ივნისის რიტეილ-გაყიდვების შედეგების გამოქვეყნებას აპირებს ევროკავშირიც.

აგვისტოს პირველ კვირაში ბოლო თვეების სავაჭრო ბალანსს რამდენიმე ქვეყანა გამოაქვეყნებს. მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთში ივნისის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების გამოქვეყნება იგეგმება. ჩინეთში კი ივლისის სავაჭრო ბალანსი გახდება ცნობილი.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს. 3 აგვისტოს ცნობილი გახდება, შეცვლის თუ არა სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც წინა სხდომაზე 11%-ზე დატოვეს.

გარდა ამისა, საქსტატის ეკონომიკური კალენდრის მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემის გამოქვეყნებაა დაგეგმილი. მათ შორის მოსალოდნელია 2021 წლის ბოლოს მონაცემების გამოქვეყნება რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ სპეციალიზაციის მიხედვით. ასევე ცნობილი გახდება 2022 წლის ივლისის სამომხმარებლო ფასების ინდექსი და დანაშაულის სტატისტიკა (2022 წლის I-II კვარტალი).