თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი გაფორმდა

თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი გაფორმდა

თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ომის შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობას ითვალისწინებს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დოკუმენტს ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, მეჰმეტ მუშმა, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების თანდასწრებით მოაწერეს.

“თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. ჩვენ თურქი პარტნიორების მადლიერები ვართ იმისა გამო, რომ მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. თურქეთის ბიზნესს აქვს დიდი გამოცდილება გზებისა და ხიდების, კონკრეტულად ზაპოროჟიესა და კრემენჩუგის ხიდების აშენებაში და ის ჩვენთვის საიმედო პარტნიორად იქცა. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ ერთობლივი აღმშენებლობის პრაქტიკულ შედეგებს ძალიან მალე მივაღწევთ,” – თქვა კუბრაკოვმა.

ამასთან, უახლოეს მომავალში რეკონსტრუქციის საკითხებზე, ერთობლივი, უკრაინულ-თურქული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ პროექტებში თურქული ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმები შემუშავდება.

პირველ პროექტად კიევის რეგიონში, სოფელ რომანივკაში ხიდის აღდგენა განიხილება, რომელიც ბუჩასა და ირპინს დედაქალაქთან აკავშირებს.