ამერიკულმა კომპანია Voyager Space-მა და სამხედრო და აეროკოსმოსური ტექნიკის მწარმოებელმა Lockheed Martin-მა, საკუთარი კოსმოსური სადგურისთვის, Starlab-ისთვის მორიგი პარტნიორი იპოვეს – სასტუმროების ამერიკული ქსელი Hilton-ი, რომელიც კოსმოსური სადგურის ინტერიერზე იმუშავებს, – ამის შესახებ CNBC წერს.
შეგახსენებთ, რომ Voyager-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი კოსმოსური სადგური NASA-ს მიერ გაცემული საკონტრაქტო ხელშეკრულების ფარგლებში შენდება, რომელიც აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) საექსპლუატაციო ვადის გასვლასთან დაკავშირებით გააფორმა.
ამ კომპანიების გარდა, დედამიწის ორბიტაზე კერძო კოსმოსურ სადგურებს Axiom Space-ი, Blue Origin-ი და Northrop Grumman-ი მოაწყობენ. აღნიშნულ კომპანიებს შორის ყველაზე მოცულობითი კონტრაქტი, რომელიც $160 მილიონადაა შეფასებული, სწორედ Voyager-ის საოპერაციო კომპანიამ, Nanoracks-მა მიიღო.
ცნობისთვის გეტყვით, რომ დღევანდელი პროგნოზებით, Voyager-ისა და Lockheed Martin-ის კოსმოსური სადგური ექსპლუატაციაში 2027 წელს უნდა შევიდეს.