უკანასკნელ წლებში Twitter-ის პლატფორმაზე ყველაზე აქტიური მომხმარებლების გადინება ფიქსირდება, რომლებიც სოციალურ ქსელში აღარ ბრუნდებიან. ინფორმაციას Reuters-ი მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის შიდა მოხსენების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდგომ Twitter-ის მსხვილი მომხმარებლების რაოდენობა პლატფორმაზე მნიშვნელოვნად შემცირდა. ცნობისთვის, „მსხვილი მომხმარებლის“ სტატუსი იმ ადამიანს ენიჭება, რომელიც აღნიშნულ სოციალურ ქსელს კვირაში ექვს ან შვიდ დღეს მაინც იყენებს და კვირაში, მინიმუმ, სამჯერ მაინც აქვეყნებს „ტვიტს“. მსგავსი ტიპის მომხმარებლებზე „ტვიტების“ დაახლოებით 90% და კომპანიის შემოსავლის ნახევარი მოდის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველთვიური მომხმარებლის 10%-ზე ნაკლებს შეადგენენ.
კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით, რეკლამის განმთავსებლებში ისეთი პოპულარული თემების მიმართ ინტერესმა, როგორიცაა სპორტი, ახალი ამბები და გართობა, ინგლისურენოვან მომხმარებლებში მნიშვნელოვნად იკლო. ამის პარალელურად კი გაიზარდა ინტერესი კრიპტოვალუტისა და პორნოგრაფიული კონტენტისადმი. აღსანიშნავია, რომ, Reuters-ის ცნობით, მასიურად შემცირდა მომხმარებელთა ინტერესი ახალი ამბებისა და ლიბერალური პოლიტიკის მიმართ.
პლატფორმამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა იმ მომხმარებლებისა, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად წერდნენ ისეთ ცნობილ ადამიანებზე, როგორებიც, მაგალითად, კარდაშიანები არიან. კომპანიაში ამ ტიპის დანაკარგებს Instagram-სა და TikTok-ზე მომხმარებელთა მიგრაციას უკავშირებენ.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Twitter-ის ყოველდღიურად აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 237.8 მილიონი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. აქედან, პლატფორმის აქტიურ მომხმარებელთაგან 41.5 მილიონი ამერიკის შეერთებულ შტატებშია წარმოდგენილი.