როგორც ცნობილი გახდა, Cybertruck-ის მასობრივ წარმოებას Tesla თავდაპირველად დასახულ მიზანზე ორი წლით გვიან, 2023 წლის ბოლოს დაიწყებს. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, კომპანიის პირველი ელექტროპიკაპის წარმოების დაწყება ჯერ კიდევ 2019 წელს დააანონსა.
ილონ მასკის განცხადებით, Cybertruck-ის წარმოების დასაწყებად სამუშაოები უკვე ბოლო ფაზაშია. გასულ თვეში Tesla-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ახალი მოდელის გამოსაშვებად ოსტინში მდებარე ქარხანა თითქმის სრულად მზად არის.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ამ ეტაპისთვის, მისი პირველი ელექტროპიკაპის არც საბოლოო ფასი დაუკონკრეტებია, არც მანქანის საწარმოო ვერსია და არც პიკაპის ელემენტთან დაკავშირებული დეტალები. 2019 წელს კომპანიამ Cybertruck-ის სავარაუდო ღირებულება $40,000-ად შეაფასა, თუმცა ამის შემდგომ როგორც Tesla-ს, ასევე სხვა ავტომწარმოებლების მანქანების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
წყაროთა ნაწილის ინფორმაციით, Cybertruck-ი Tesla-ს პოპულარულ, 4680 ელემენტს გამოიყენებს. თუმცა Guidehouse Insights-ის ანალიტიკოსი სემ აბულსამიდი ირწმუნება, რომ Tesla-მ ელემენტების შიდა წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა ვერ შეძლო, რამაც შეიძლება, 2023 წლის ბოლოს პიკაპის გამოშვების კიდევ ერთხელ გადავადება გამოიწვიოს.
მისივე განცხადებით, Tesla-ს შესაძლოა, Cybertruck-ისთვის ელემენტების გადაკეთება და მისი ჩვეულებრივ, 2170 ელემენტებზე გადაყვანა მოუწიოს.