მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძვირად ღირებულმა კონგლომერატმა, ამერიკულმა Disney-მ კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ბობ ჩაპეკი გაათავისუფლა და ამ უკანასკნელის შემცვლელად მისი წინამორბედი, გამოცდილი მენეჯერი, რობერტ აიგერი დანიშნა, – სიახლის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.
შეგახსენებთ, რომ აიგერი, რომელიც Disney-ის თხუთმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან თავისი ნებით, ორ-ნახევარი წლის წინ გადადგა და შემცვლელად, სწორედ ბობ ჩაპეკი დაასახელა.
როგორც ირკვევა, კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობას აიგერი ორი წლით დაიკავებს და ამ დროს, კომპანიის ზრდის გაგრძელებაზე ორიენტირებული სტრატეგიის განსაზღვრაში იქნება ჩართული – პარალელურად, Disney-ის სამეთვალყურეო საბჭო რობერტ აიგერის შემცვლელს ეძებს.
კონკრეტულად რის გამო გადააყენა აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობიდან კომპანიამ ბობ ჩაპეკი, პრესრელიზში არ ჩანს. თუმცა, Disney-ის მესვეურები ჩაპეკს გაწეული სამსახურისთვის, მათ შორის პანდემიის დროს კომპანიის მართვისთვის მადლობას უხდიან. ისე კი, ბობ ჩაპეკის გათავისუფლება აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული Disney-ის მესამე კვარტლის შედეგებთან, რომლებიც მოსალოდნელზე უფრო სუსტი აღმოჩნდა. თუმცა აღნიშნული მიზეზიც ძალზე უცნაურია, რადგან ივნისში, Disney-ის სამეთვალყურეო საბჭომ, ბობ ჩაპეკის კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა, თანაც ერთხმად.
კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებას გამოეხმაურა თავად რობერტ აიგერიც, რომელმაც აღნიშნა, რომ Disney-ის მომავალს ძალზე ოპტიმისტურად უყურებს და ხელმძღვანელად დაბრუნება, ძალიან ახარებს.