მეტალოდეტექტორის მიერ აღმოჩენილი შუა საუკუნეების საქორწინო ბეჭედი $47,000-ად შეფასდა

მეტალოდეტექტორის მიერ აღმოჩენილი შუა საუკუნეების საქორწინო ბეჭედი $47,000-ად შეფასდა

ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში, ერთ-ერთ სოფელში, მეტალოდეტექტორმა „თითქმის იდეალურ მდგომარეობაში“ შუა საუკუნეების საქორწინო ბეჭედი აღმოაჩინა. ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც თვის ბოლოს აუქციონზე გამოჩნდება, $35,500-დან $47,300-მდეა შეფასებული.

აუქციონის სახლ Noonans-ის ინფორმაციით, მეტალოდეტექტორის გამოყენებით ძვირფასეულობა 69 წლის დევიდ ბორდმა აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ბორდმა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში სცადა მეტალოდეტექტორის დახმარებით წარმატების მიღწევა, თუმცა მაშინ ადგილობრივი პლაჟების დათვალიერება უშედეგო აღმოჩნდა. თავად ბორდმა ბეჭედს, რომელიც უნიკალური და ინდივიდუალურია მისი დამზადების თარიღიდან გამომდინარე, „ერთხელ სიცოცხლეში“ აღმოჩენა უწოდა.

Noonans-ის მონეტებისა და ანტიკვარიატის კონსულტანტის ნაიჯელ მილსის შეფასებით, ბეჭედი „თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია“. სამკაულს ორი, ერთმანეთში გარდამავალი ოქროს რგოლი აქვს, რაც ქორწინების კავშირის სიმბოლოს წარმოადგენს, ცენტრალურ ნაწილში კი გადმობრუნებულ მდგომარეობაში ბრილიანტია მოთავსებული. აუქციონის სახლის თანახმად, ბეჭდის შიდა ნაწილზე ფრანგული წარწერაცაა დატანილი – “Ieo vos tien foi tenes le moy” – რაც ითარგმნება, როგორც: „შეინარჩუნე ჩემი რწმენა ისე, როგორც მე ვინარჩუნებ შენსას“.

ძვირფასეულობის აღმოჩენის ადგილმდებარეობიდან და ხარისხიდან გამომდინარე, Noonans-ის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ საქორწინო ბეჭედი ჯოან ბრუკს ეკუთვნოდა, რომელიც მას ქმარმა, თომას ბრუკმა გადასცა. ქორწინება 1388 წელს შედგა და ბრუკის ოჯახს დიდი სიმდიდრეც მოუტანა, ვინაიდან ჯოანი მდიდარი ვაჭრისა და ბრისტოლის (ქალაქი დასავლეთ ინგლისში) მერის, რობერტ ჩედარის ქვრივი გახლდათ.

ბრილიანტის ბეჭედი, სახელწოდებით The Lady Brook Medieval-ი, Noonans-ის აუქციონზე 29 ნოემბერს გამოჩნდება.