საქართველოს ბანკი ფინანსური და ეკონომიკური განათლების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) გუნდი საქართველოში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადას სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს, რომელიც ყოველწლიურად ჩეხური ორგანიზაცია INEV-ის მოდელით ჩატარდება.
პირველ ეკონომიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ.
ოლიმპიადა ადგილობრივ დონეზე ორი რაუნდისგან შედგება: სკოლის ტური, რომელიც წერითი ტესტირების სახით ჩატარდება და ეროვნული რაუნდი, რომელიც პანელურ დისკუსიებთან ერთად, წერით და ზეპირ ტესტირებას მოიცავს.
რაც შეეხება მომდევნო, საერთაშორისო რაუნდს – ის სლოვაკეთში ჩატარდება და მონაწილეობას ეროვნულ ტურში შერჩეული 5 მონაწილე მიიღებს. მოსწავლეები, როგორც წერით და ზეპირ გამოცდას გაივლიან, ასევე შეძლებენ ვორქშოპებსა და სხვადასხვა სახის გუნდურ აქტივობებში ჩართვას.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ფინანსური და ეკონომიკური განათლების წახალისებას ისახავს მიზნად, გადავწყვიტეთ საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა ჩავატაროთ. ეს არ გახლავთ კლასიკური ეკონომიკის ოლიმპიადა, არამედ ეს არის კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებზე მორგებული თემები, რომელიც მათემატიკურ, ფინანსურ და სამოქალაქო საკითხებს მოიცავს. ამ ღონისძიებამ უნდა გააერთიანოს, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ოლიმპიადამ მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია უნდა მისცეს და წაახალისოს, ისწავლონ და დააგროვონ მეტი ცოდნა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე, რაც მათ სამომავლო წარმატებაში დაეხმარებათ. ჩეხური ორგანიზაცია INEV უკვე 6 ქვეყანაში (სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, პოლონეთი და ჩინეთი) წარმატებით ატარებს ოლიმპიადებს, რომლებშიც ყოველწლიურად 100 000 მოსწავლე და 3 500-მდე მასწავლებელია ჩართული. ეს გვაძლევს მეტ მოტივაციას, ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოშიც ყოველწლიურად ასეთი მასშტაბით ჩავატაროთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ ეკონომიკური და ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის“ დირექტორმა, ლევან ფავლენიშვილმა.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალურად პასუხისმგებლობიანი კომპანიისთვის, ფინანსური განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ეკომონიკის ოლიმპიადის მხარდამჭერი, რადგან ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა ფინანსური განათლების დონის გაზრდა ახალგაზრდა თაობაში. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მაგალითად, როგორიცაა: კინგსი, სტემ ბანაკი, მათემატიკის ოლიმპიადა და ა.შ. მოხარული ვართ, რომ ამჯერად ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში პირველად ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მომავალ თაობას კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებზე დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, რადგან მომავალში ფინანსურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.