ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა თავდაცვის წლიური ხარჯებისთვის $858 მილიარდი დაამტკიცა. რეკორდული მოცულობის თავდაცვის აქტი $45 მილიარდით აღემატება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თავდაპირველ შეთავაზებას.
სენატორებმა, ორპარტიული უმრავლესობით, მხარი „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტსა“ (NDAA) და ყოველწლიურ სავალდებულო კანონპროექტს დაუჭირეს, რომელიც პენტაგონის პოლიტიკას განსაზღვრავს. წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახლა უკვე ხელმოსაწერად ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. აშშ-ის პრეზიდენტი კანონმდებლობას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.
ფისკალური 2023 წლის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“ სამხედრო ხარჯებისთვის $858 მილიარდს უზრუნველყოფს, ამასთან ერთად კი მოიცავს ჯარისთვის ანაზღაურების 4.6%-ით ზრდას, იარაღის, გემებისა და თვითმფრინავების შესყიდვის დაფინანსებას, ისევე როგორც ჩინეთის მოსალოდნელი აგრესიისგან – ტაივანის, ხოლო რუსეთის ომისგან დასაცავად უკრაინის მხარდაჭერას. ცნობისთვის, კონგრესში თავდაცვის აქტისთვის ხმის მიცემა 1961 წლის შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის NDAA მოიცავს დებულებას, რომელიც თავდაცვის მდივნისგან შეიარაღებული ძალების წევრების COVID-ვაქცინაციის მანდატის გაუქმებას მოითხოვს. დებულებას, რომელსაც ძირითადად რესპუბლიკელები უჭერენ მხარს, დემოკრატთა დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება.
გარდა ამისა, კანონპროექტი მომავალ წელს უკრაინისთვის, მინიმუმ, $800 მილიონის დამატებითი დახმარების გაწევას უზრუნველყოფს და მოიცავს რიგ დებულებებს, ჩინეთთან არსებული დაძაბულობის ფონზე, ტაივანის მხარდასაჭერად. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს როგორც მილიარდობით დოლარის დახმარებას უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ასევე ტაივანისთვის იარაღის დაჩქარებულ ვადებში მიყიდვას.