რუსულ Transneft-ს გერმანიამ და პოლონეთმა 2023 წლისთვის ნავთობის მიწოდების მოთხოვნით მიმართეს. განცხადება სახელმწიფო ნავთობსადენის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია Rossiya-24-თან გააკეთა და დასძინა, რომ მილსადენ „დრუჟბის“ სამხრეთი ხაზი, სავარაუდოდ, მომავალ წელს ფუნქციონირებას სტაბილურად გააგრძელებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა ხუთი დეკემბრიდან საზღვაო მარშრუტებით გადასაზიდი რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერების პირობა დადო, დასავლეთის ქვეყნებმა კი რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის ლიმიტიც დააწესეს. მიუხედავად ამისა, მილსადენი „დრუჟბა“ სანქციებისგან კვლავ თავისუფალია. აღსანიშნავია ისიც, რომ Transneft-ის კომენტარი სრულად ეწინააღმდეგება გასულ თვეში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლონეთმა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის გარიგებაზე უარი განაცხადა.
„მიუხედავად განცხადებებისა, პირველი იანვრიდან ნავთობის შესყიდვის შეჩერების შესახებ, ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა პოლონელი მომხმარებლებისგან, მივაწოდოთ 3 მილიონი ტონა ნავთობი მომავალ წელს, 360,00 ტონა კი დეკემბრის თვისთვის. პირველი კვარტალისთვის ნავთობის შეძენაზე მოთხოვნა გერმანიამაც წარადგინა“, – განაცხადა სამშაბათს Transneft-ის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ტოკარევმა.
Reuters-ის წყაროების ცნობით, პოლონეთს გერმანიის მხარდაჭერის მოპოვება სურს, რათა ევროკავშირმა მილსადენ „დრუჟბის“ პოლონურ-გერმანულ მონაკვეთზე სანქციები დააწესოს. სანქციების დაწესების შემთხვევაში, პოლონეთი მომავალ წელს, რუსული ნავთობის შესყიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმას ჯარიმის გადახდის გარეშე შეძლებს.
პოლონური გადამმუშავებელი კომპანია PKN Orlen-ის განცხადებით, რუსულ ნავთობზე კონტრაქტის გახანგრძლივება, რომელსაც ვადა 2023 წლის იანვარში ეწურება, აღარ იგეგმება. რუსული ნედლი ნავთობის შესახებ დადებული მეორე გრძელვადიანი შეთანხმება სანქციების დაწესების შემდეგ შეჩერდება.
Transneft-ის განცხადებას გამოეხმაურა გერმანული მხარეც და რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის მოთხოვნაზე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, აღმოსავლეთ გერმანიის გადამმუშავებელ ქარხნებში არსებული ნავთობის კომპანიები, მომავალი წლისთვის რუსულ ნედლ ნავთობს აღარ შეისყიდიან.