ნუ გაანადგურებთ ახალ ბუმს

ნუ გაანადგურებთ ახალ ბუმს

აშშ-ის ეკონიმიკის გაუმჯობესებას ორი დიდი ფაქტორი უქადის საფრთხეს: სუსტი დოლარი და სავაჭრო პროტექციონიზმი. ორივე გამუდმებით ნუსხავს პოლიტიკის შემქმნელებს და ორივეს გამუდმებით მეტად უსიამოვნო, მათ შორის, საზარელი პოლიტიკური, შედეგები მოჰყვება. მიუხედავად ამისა, ტრამპის ადმინისტრაციაში ზოგიერთები ორივეს – და, შესაბამისად, ცეცხლს – ეთამაშებიან.

• დოლარი. დიდ სახელმწიფოებს სუსტი ვალუტები არა აქვთ. და მაინც, უმეცრებით გამოწვეული თავდაჯერებულობით, სახელმწიფო ხაზინის მდივანი, სტივენ მნუჩინი უკომპრომისოდ აცხადებს თავის სურვილს სუსტ დოლართან დაკავშირებით.

მადლობა ღმერთს, პრეზიდენტი ტრამპი მას მყისვე შეეწინააღმდეგა. მაგრამ ის ფაქტი, რომ მნუჩინსა და მის დეპარტამენტს ჩვენი ვალუტის ღირებულებისთვის ძირის გამოთხრა უნდათ, შემაშფოთებელია. მნუჩინმა მომხიბლავი მცდარი აზრი ირწმუნა, რომ თითქოს დოლარის დაქცევა საზღვარგარეთ მეტი ექსპორტის გაყიდვაში დაგვეხმარება და ამით აშშ- ის ეკონომიკას გავაძლიერებთ. ასეთი მცდარი და ტოქსიკური იდეები იმას მოწმობს, რომ საბრალო კაცს სულ გადაავიწყდა რეალური სამყაროს გამოცდილებები.

ეს შეუვალი ფაქტია: არც ერთ ქვეყანას არასდროს არ გაუუფასურებია თავისი გზა დიდი წარმატებისა და გამძლე კეთილდღეობისაკენ. არასდროს.

ჰკითხეთ ბრაზილიას, არგენტინას და ზიმბაბვეს. ნახეთ, რა დაემართა რომის იმპერიას, როცა იქაურმა მნუჩინებმა იმპერიის ვალუტას ძირი გამოუთხარეს.

მნუჩინმა წარსულს უნდა გადახედოს.

1971 წლის ზაფხულში პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი დარდობდა, რომ 1969-1970 წლების რეცესიის შემდეგ ქვეყანა საკმარისად სწრაფი ტემპებით ვერ იკრებდა ძალას და რომ ამ ლეთარგიულობას, შესაძლოა, 1972-ში მისი ხელახალი არჩევისათვის საფრთხე შეექმნა. მეტიც, სამყარო, იმხანად, ე.წ. ბრეტონ ვუდსის ოქროს სტანდარტით ცხოვრობდა, აშშ-ის ოქროს მარაგი კი პატარავდებოდა, რასაც ფინანსურ ბაზრებზე განგაში გამოეწვია. ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ფედერალური რეზერვი ზედმეტად ბევრ დოლარს ბეჭდავდა, არადა, ამ ნაბიჯის შედეგი აშკარა იყო: უცხოურმა მთავრობებმა ფასდაკარგული დოლარების თავიდან მოცილება და მათი საშუალებით ჩვენი ოქროს ყიდვა დაიწყეს.

“ოქროს ფანჯრის დახურვის” ტრაგიკულ საქმეში ნიქსონი საკუთარი ხაზინის შეფმა, ჯონ ქონელიმ აცდუნა, რითაც, პრაქტიკულად, ბოლო მოეღო ოქროს სტანდარტს და მწვანე ვალუტის სერიოზული დევალვაცია დაიწყო.

იდეა ის იყო, რომ ამით ექსპორტიდან მიღებული დოვლათი იმპორტის ხარჯებს გადააჭარბებდა, ქვეყანაში კეთილდღეობა დაისადგურებდა და ნიქსონი არჩევნებს მოიგებდა. ნიქსონი მართლაც აირჩიეს მეორე ვადით, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამან ბენზოგასამართ სადგურებზე გრძელი რიგების, ინფლაციისა და ეკონომიკური სტაგნაციის დამაუძლურებელი ათწლეული მოიტანა. ეკონომიკამ, რომელიც დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე სერიოზული კრიზისისგან უკვე აგონიაში იყო, იმ პირობების შექმნას შეუწყო ხელი, რამაც ნიქსონის თანამდებობიდან წასვლა გამოიწვია. ამავე ათწლეულის მიწურულს, ჯიმი კარტერიც მსგავს პოლიტიკას ატარებდა. კარტერიცა და ნიქსონიც ეკონომიკური ლუზერები იყვნენ.

1987 წელს ხაზინის მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა სუსტი დოლარის ქომაგობა დაიწყო, რათა – სწორად გამოიცანით – საზღვარგარეთ მეტი ამერიკული პროდუქტი გაგვეყიდა და გამოგვესწორებინა “ჩვენი სავაჭრო დეფიციტი”. იმ ოქტომბერს, მან გერმანიას ასეთი რამ უთხრა: “ან თქვენი მარკის [იმდროინდელი გერმანული ვალუტა] ინფლაცია მოახდინეთ, ან ჩვენ გავაუფასურებთ დოლარს”. მან “დოლარის დაგდების” პირობა დადო. იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესი სავაჭრო ომის წამქეზებელი პროტექციონისტური ზომების  მიღებას ცდილობდა, ბეიკერის ნაბიჯებმა საფონდო ბაზრის ავბედით კოლაფსს მისცა დასაბამი. მადლობა ღმერთს, რეიგანის ადმინისტრაციამ უკან დაიხია და ბაზრებიც წამოდგნენ ფეხზე.

სამწუხაროდ, 2000-იანების დასაწყისში აშშ კვლავ დაუბრუნდა ამ საზიზღარ პრაქტიკებს. პრეზიდენტ ჯორჯ ვ. ბუშის ხაზინის ხელმძღვანელთა აზრით, მწვანე ვალუტის ნელტემპიანი გაუფასურება მეტი ზრდის სტიმულაციას ახდენდა. დოლარის შესუსტებამ საცხოვრებელი სახლებისა და ფართო მოხმარების საგნების ხელოვნური ბუმი გამოიწვია – როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, როცა არასტაბილური ფულის ამარა დარჩენილი ბაზრები მყარი აქტივებისკენ გარბიან. ყველამ ვიცით, ეს ამბავი როგორ დამთავრდა.

მდივანმა მნუჩინმა, სამწუხაროდ, ამ ყველაფრიდან ვერავითარი დასკვნა ვერ გამოიტანა.

რაც ნიქსონს, ქონელის, მნუჩინსა და მისთანებს არ ესმით, ისაა, რომ ფული სიმდიდრე არ გახლავთ. ფული ზომავს ღირებულებას – ზუსტად ისევე, როგორც საათი ზომავს დროს ან სასწორი – წონას. წარმოიდგინეთ, რა სირთულეები იჩენდა თავს სამზარეულოში, ასარწყავი ჭიქებისა და კოვზების სტანდარტები ყოველდღე რომ იცვლებოდეს. იგივეა ფულის შემთხვევაშიც: არამდგრადობა ვაჭრობასა და ინვესტირებას არასტაბილურს ხდის, ეკონომიკური პროგრესი კი ზიანდება.

ფულს არავითარი შინაგანი ღირებულება არა აქვს. ფული ნდობაზე დაფუძნებული სისტემაა. ამ თვალსაზრისით, ის ღონისძიების ბილეთს ჰგავს. ბილეთს, თავისთავად, ფასი არ გააჩნია, მაგრამ ის უფლებაა რეალურ სერვისზე.

დოლარის გაუფასურება წონებსა და ზომებში მოტყუებასავითაა: ფულს ერთი ფუნტი ყველისთვის იხდი, მაგრამ 16- ის ნაცვლად, 12 უნციას გაძლევენ. გაუფასურება, ასევე, ძირს უთხრის მზარდად კომპლექსურ მომარაგების ქსელებს, აქაც და მთელ მსოფლიოშიც. შესაძლოა, რაღაცაში $15 გადაიხადო, მაშინ როცა ის $10 უნდა ღირდეს. კომპანიებს აურაცხელი ჭკუისა და რესურსის დახარჯვა უწევთ იმის გასარკვევად, თუ როგორ მოახდინონ ურიცხვი ვალუტების ჰეჯირება, ეს კი ხარჯია და ზრდას აფერხებს.

• პროტექციონიზმი. სავაჭრო დეფიციტები? თავისთავად, ეს სიტყვათშეთანხმება არაფერს გვეუბნება. სავაჭრო დეფიციტები აშშ-ს არსებობის უამრავ ეტაპზე გამოუცდია. ჩვენი ზრდის გასაღები, ადრეც და ახლაც, ჩვენს ნაპირებზე მომდგარი საინვესტიციო კაპიტალია. ტრამპის საგადასახადო კანონპროექტის წყალობით, ჩვენთან ასობით მილიარდი დოლარი იწყებს შემოდინებას.

მაგრამ ერთი საკითხია სავაჭრო შეთანხმებების, მაგალითად, Nafta-ს, განახლება და სულ სხვაა მათი განადგურება ან მცდელობა, კონკრეტული ქმედებების კარნახი დაიწყო, მაგალითად, დააძალო კომპანიებს, თავიანთი ოპერაციები აშშ-ში დააბრუნონ. იგივე ეხება ვაჭრობის შევიწროებას, როგორიც ჩინეთის მხრიდან თავის ბაზრებზე უცხოური კომპანიების შემოსვლის უსამართლო შეზღუდვაა ან ბიზნესების იძულება, თავიანთ დაპატენტებულ ტექნოლოგიას გამოემშვიდობონ, რომ აღარაფერი ვთქვათ სავაჭრო საიდუმლოების აშკარა მოპარვაზე დაჰაკვის საშუალებით.

სავაჭრო მოლაპარაკებების მამოძრავებელი ძალა ბარიერების შემცირება უნდა იყოს და არა მათი აღმართვა იმპორტის გადასახადების ან იმპორტის საწინააღმდეგო რეგულაციებით.

დანარჩენი სამყარო წინ მიდის. იაპონიამ დასკვნით ფაზაში შეიყვანა არაჩვეულებრივი სავაჭრო გარიგება ევროკავშირთან. 11 სახელმწიფო, რომელიც წყნარი ოკეანის სავაჭრო გარიგებაში მონაწილეობდა, შარშან რომ აშშ-მა გიჟივით დატოვა, ახალ გარიგებაზე მუშაობენ, აშშ კი მის მიღმა რჩება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოცდათხუთმეტ ახალ ბილატერალურ და რეგიონალურ სავაჭრო პაქტზე, რაც მეტ ვაჭრობას მოიტანს ჩართული მხარეებისთვის. აშშ, როგორც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად სჩვევია, გარედან ადევნებს ამ მოვლენებს თვალს.

საბედნიეროდ, ბოლოდროინდელი საგადასახადო კანონპროექტი ადგილობრივი და საზღვარგარეთული ბიზნესებისგან, წესით, მეტი ინვესტიციის სტიმულირებას შეძლებს. მაგრამ ბოლოს ისე არ უნდა მოგვივიდეს, უნებურად, უკეთეს ბაზართან წვდომა დავკარგოთ და “ფული მაგიდაზე დავტოვოთ”.

რაც ყველაზე მთავარია, 1930-იანების მსგავსი სავაჭრო ომი თავიდან უნდა ავიცილოთ. 1929-ში, ახლადგამომცხვარი პრეზიდენტი, ჰერბეტ ჰუვერი თვლიდა, რომ საკვებ იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესება შეჭირვებულ ამერიკელ ფერმერებს დაეხმარებოდა, რომლებიც ჭარბი პროდუქციის გამო ნედლეულზე ფასების ვარდნას დაეზარალებინა. საკანონმდებლო აქტმა კონგრესის მოსაწყენ კულისებში დასტური მიიღო და ათასობით პროდუქტისთვის მასიური გადასახადები დავაწესეთ. ამას გლობალური სავაჭრო ომი მოჰყვა და დიდი დეპრესიაც დაიწყო.