ამერიკულმა Forbes-მა ევროპაში, გამოცემის პრესტიჟული ჯილდოს, 30Under30-ის 2023 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. სიაში ორი ქართველი მოხვდა: ხვიჩა კვარაცხელია და რეზი ჩიკვილაძე. მათ გამარჯვება, შესაბამისად, სპორტისა და ტექნოლოგიის კატეგორიაში მოიპოვეს.
Forbes-ის ევროპული 30Under30-ის სპორტის კატეგორიის გამარჯვებული საქართველოს ნაკრებისა და იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ფორვარდია. გამოცემის შეფასებით, 22 წლის კვარაცხელია კლუბს, 33 წლის განმავლობაში პირველად, ლიგის ტიტულის მოპოვებისთვის აძლიერებს.
არგენტინელი დიეგო მარადონას პატივსაცემად შერქმეული სახელით „კვარადონა“, ქართველი ფორვარდი ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც ამ სეზონში Serie A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვება შეძლო. გარდა ამისა, უკვე რეკორდულად ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ხვიჩა წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის წოდებას ეუფლება, – ვკითხულობთ Forbes-ის მიერ ხვიჩა კვარაცხელიაზე გამოქვეყნებულ ტექსტში.
ევროპის მასშტაბით, ტექნოლოგიების კატეგორიაში, ამერიკული გამოცემის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა 25 წლის რეზი ჩიკვილაძე. ჩიკვილაძე, მანუელ კიმანოვთან ერთად, გერმანიასა და საქართველოში დაარსებული კომპანია Syniotec-ის თანადამფუძნებელია. Syniotec-ი სამშენებლო კომპანიებს პროგრამულ უზრუნველყოფასა და IoT-ტექნოლოგიებს სთავაზობს, რომლის მიზანიც სამშენებლო სექტორში, აღჭურვილობის არაეფექტიანობისა და არათანაბარზომიერი გამოყენების შემცირებაა.
სტარტაპმა გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიისა და ლატვიის მასშტაბით, 50,000 მექანიზმიდან მონაცემთა 2.5 მილიონი დისკრეტული ერთეულის მიღება შეძლო, რისი საშუალებითაც კომპანიის კლიენტებს მათი პერსონალისა და ხელსაწყოების ორგანიზებაში ეხმარება. Syniotec-ი, რომელმაც $6.3 მილიონზე მეტი მოიზიდა, შემოსავალს მისი სისტემის მიერ მართული თითოეული მექანიზმისთვის დაწესებული სააბონენტო გადასახადიდან იღებს, – წერს Forbes-ი.
გამარჯვებულები Forbes-ის თანამშრომლებთან ერთად, დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. შეფასებისას ყურადღება გამახვილდა ისეთ კრიტერიუმებზე, როგორებიცაა კანდიდატების შემოსავალი, დაფინანსება, სოციალური გავლენა და მასშტაბი, ინოვაციურობა და პოტენციალი. ჯამში სამასმა ახალგაზრდამ ევროპის სიიდან, კოლექტიურად $3 მილიარდის კაპიტალის დაგროვება მოახერხა, რაც $1 მილიარდით მეტია, გასულ წელს დაფიქსირებულ მონაცემებზე.