ესტონური ფირმა Bolt-ი საკვები პროდუქტების მიტანის სერვისში თვითმართვადი რობოტების გამოყენებას იწყებს. რობოტების მწარმოებელ კომპანია Starship Technologies-ისთან თანამშრომლობით, მიწოდების ახალი ტიპის სერვისი პირველად ქალაქ ტალინში დაინერგება, შემდეგ კი ეტაპობრივად ევროპის სხვა ქალაქებშიც. რობოტები დაახლოებით სტანდარტული ჩემოდნის ზომისაა.
„ჩვენ ვფოკუსირდებით მიწოდების ტიპზე, რომელიც ესტონეთში ტრანსპორტის მდგრადობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა Bolt-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკუს ვილიგმა და დასძინა, რომ სერვისმა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში თავისი შესაძლებლობები დაადასტურა და ესტონური ფირმა მოხარულია, რადგან მის გაზიარებას უფრო მეტ ადამიანთან მოახერხებს.
Bolt-ი, $8.4-მილიარდიანი შეფასებით, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტექნოლოგიური კომპანიაა. საერთაშორისო ბაზარზე Bolt-ის მთავარი კონკურენტი ამერიკული Uber-ია. ესტონური კომპანია სხვადასხვა მიმართულებითაც ვითარდება, მათ შორისაა საკვებისა და სასურსათო პროდუქტების ონლაინ მიწოდება და ელექტროსკუტერები. Bolt-ს 45 ქვეყანაში ას მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის მასშტაბით.
აპლიკაციებიდან საკვების ონლაინ შეკვეთის მსგავსად, Bolt-ისა და Starship-ის პარტნიორობით, მომხმარებელს რობოტებისგან საკვების მიღება ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეეძლება. რობოტის დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდგომ, მომხმარებელი ღილაკზე დაჭერით რობოტის გახსნასა და შეკვეთის მიღებას შეძლებს.