ოვერდრაფტი (ინგლისურად Overdraft) არის სესხის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც საფინანსო ინსტიტუტის მომხმარებლის მიმდინარე ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტით განისაზღვრება. ყველაზე მეტად გავრცელებულია სახელფასო ოვერდრაფტი, რომელსაც ხშირად მე-13 ხელფასსაც ეძახიან. მაგალითად, როდესაც დასაქმებულს ხელფასი ერიცხება ბანკში, შეუძლია ოვერდრაფტის სესხის სახით წინასწარ აიღოს ერთი თვის ხელფასი, რომელსაც შემდეგ პროცენტი ერიცხება და თანდათანობით, ყოველთვიურად იფარება.
ოვერდრაფტი შესაძლებლობას იძლევა, დახარჯო ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაცილებით მეტი, ხოლო დავალიანება მოგვიანებით დაფარო. ოვერდრაფტის უპირატესობა ის არის, რომ მისი აღება შედარებით მარტივია, ნაკლებ პროცედურებს მოითხოვს. ოვერდრაფტის პირობები ინდივიდუალურია მომხმარებლის შემოსავლის გათვალისწინებით.