როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი და არა ჩვენი სავიზიტო ბარათი

როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი და არა ჩვენი სავიზიტო ბარათი

ჩვენს დროში სულ რამდენიმე წამი გვაქვს იმისათვის, რომ საკუთარი ვებგვერდით, თაგლაინით ან ბიოგრაფიით ვინმეზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ.

ჩვენ საოცრად გავიწაფეთ “სრულყოფილი” პროფილის შექმნაში, რომელიც სხვების ყურადღებას უმალ იზიდავს და ასევე დავეუფლეთ იმის ხელოვნებას, თუ როგორ უნდა წარმოვაჩინოთ სწორად თავი სასურველი სამსახურისა თუ კარიერული წინსვლის მისაღწევად. დღევანდელი სტანდარტებით, თუკი თქვენ სხვებს აჯობებთ კონკურსში ან თქვენს ბიზნესს Facebook-ზე 100,000 მოწონება ექნება, თავისუფლად შეგიძლიათ თავი იგრძნოთ შემდგარ, წარმატებულ ადამიანად.

სიმართლე კი ის არის, რომ უმეტესობას მაინც რაღაც უფრო მეტი გვსურს.

ჩვენ დავიღალეთ იმით, რომ მუდმივად ვიღაცაზე შთაბეჭდილება უნდა მოვახდინოთ და ყელში გვაქვს უკვე ზედაპირული, მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები. ჩვენ გვინდა, რომ საკუთარი LinkedIn-ის პროფილის მიღმა დაგვინახონ. გვსურს, სხვებიც მიხვდნენ, რომ ჩვენი შესაძლებლობები არ შემოიფარგლება ცხრილებში ნულების ჩამატებით. გვინდა, რომ დაინახონ, ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში.

სწორედ ამიტომ, მილენიუმის თაობის ორმა წარმომადგენელმა მტკიცედ გადაწყვიტა უფრო სიღრიმესეული ბიზნესურთიერთობების კულტურის დამკვიდრება. დამთავრდა დრო, როდესაც თქვენი სავიზიტო ბარათი იყო გადამწყვეტი.

გაიცანით AMPLIFY Collective-ის დამფუძნებლები – ბრი სიილი და ტაის სკაი. მათ მიერ დაარსებული მოძრაობა აერთიანებს ანტრეპრენიორებს იმის მიხედვით, თუ ვინ არიან ისინი და არა რას საქმიანობენ. ლოს-ანჯელესში მოღვაწე ეს დუეტი უკვე საკმაოდ ცნობილია თავისი გამორჩეული ღონისძიებებით, სადაც ანტრეპრენიორებს სთავაზობენ ავთენტურ ურთიერთობებს, რომლებიც მათ ასე სწყურიათ და ასევე მათი ბიზნესის წარმატებისათვის აუცილებელ საქმიან თანამშრომლობას.

ბრი სიილისა და ტაის სკაის შესახებ შევიტყვე Unconventional Life პოდკასტის ბოლო ეპიზოდიდან სახელწოდებით “გამო-ქსელვა: შექმენით ქსელი, რომელსაც თავად მართავთ და არა თქვენი სავიზიტო ბარათი”.

სიილიმ და ტაიმ შექმნეს AM­PLIFY Collective-ი, როგორს ალტერნატიული მიდგომა ტრადიციული ქსელების მიმართ. მათ დაინახეს, რომ საკმაო რაოდენობის ქსელების მიუხედავად, ძალიან ბევრ ანტრეპრენიორს ჭეშმარიტი და ავთენტური ურთიერთობები სწყურია. AMPLIFY Collective-ის შექმნის იდეას საფუძვლად უდევს ის, რომ მეგობრობა არ უნდა შეეწიროს წარმატებას. სინამდვილეში თქვენ შეგიძლიათ ორივე გქონდეთ: შინაარსიანი, ერთი-ერთზე ურთიერთობა ამბიციური ანტრეპრენიორების საზოგადოებაში, რომლებიც თქვენ ზურგს გიმაგრებენ. საიდუმლო მდგომარეობს სკაისა და სიილის მიერ შექმნილ მეთოდოლოგიაში, რომელიც ხელს უწყობს პიროვნულ თვისებებზე დამყარებულ ურთიერთობებს და არა თქვენს პროფესიულ მიღწევებზე დაფუძნებულ ქსელებს.

“უფრო მნიშვნელოვანია, წარმოაჩინოთ ის, თუ ვინ ხართ, ვიდრე ის, თუ რას საქმიანობთ. ნუ დააყენებთ თქვენზე წინ თქვენს თანამდებობას, ჯერ გაიცანით ადამიანი და შემდეგ დაამყარეთ მასთან საქმიანი ურთიერთობა იმიტომ, რომ მოგწონთ ის პიროვნულად”, – ამბობს სიილი.

სკაისა და სიილის დუეტი აცხადებს, რომ ბიზნესთანამშრომლობისადმი მათი მიდგომა სრულიად ავთენტურია, რაც უკეთეს შედეგებს იძლევა. Harvard Business Review-ს მიხედვით, საქმიან ურთიერთობებში ავთენტურობის არსებობის შემთხვევაში, ნდობა, ჩართულობა და ერთგულება ყველაზე მეტად ფასობს.

“იაფფასიანი სარეკლამო ხრიკების გარეშე ბიზნესს უფრო მეტი პოტენციალი აქვს, – ხუმრობით ამბობს სკაი. – ბევრი ჩვენგანი იმალება საკუთარი საქმიანობის უკან ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს საკუთარ მეს ჩავწვდეთ. ხალხი ყიდულობს ჩვენგან ჩვენი პიროვნებიდან გამომდინარე და არა ჩვენი ვებგვერდის გამო”.

ამჟამად AMPLIFY Collective-ი თვეში სამ ღონისძიებას მასპინძლობს მის კომპანიაში გაწევრიანებული ანტრეპრენიორებისათვის. მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები გმობს ზედაპირულ, ტრანზაქციურ საქმიან კავშირებს და თავის წევრებს უფრო ახლო და გულწრფელ ურთიერთობებს სთავაზობს.

გაეცანით სიილისა და სკაის რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გარდაქმნათ თქვენი ბიზნესურთიერთობები, რათა ისინი უფრო შინაარსიანი და თქვენთვის რელევანტური გახადოთ.

1. წინ დააყენეთ საკუთარი მე. ის, ვინც თქვენ ხართ, თქვენი ყველაზე დიდი მიღწევაა. ამიტომ, როდესაც ვინმეს ეცნობით, პირველ პლანზე საკუთარი მე დააყენეთ. ეცადეთ, წარმოაჩინოთ ის, რაც გამოძრავებთ ყოველ დილას გაღვიძებისას ან ის, რისი შეცვლაც გსურთ. აუცილებლად გამოტოვეთ საკუთარი თანამდებობა და ის, თუ რამდენად წარმატებული ხართ – ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია და არანაირი კავშირი არა აქვს თქვენს მესთან.

2. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, თუ რამდენად ღირებულია ეს ურთიერთობები თქვენთვის. ეცადეთ დატკბეთ ამ ურთიერთობებით და უბრალოდ მიიღოთ სიამოვნება. ნუ ჩართავთ ამ ურთიერთობებში საქმიან განრიგს ან რაიმე სხვა ბიზნესელემენტებს. ადამიანები ხვდებიან, როდესაც თქვენი ურთიერთობის მოტივი უანგარო არ არის, ეს კი თქვენ შორის ბარიერს ქმნის. თუ თქვენ მართლაც გჭირდებათ რომელიმე ადამიანის დახმარება, ნუ ეცდებით ამ დახმარების გამოძალვას, არამედ იყავით ბოლომდე გულწრფელი და გამჭვირვალე.

3. ეცადეთ, რომ ბიზნესის ღირებულება მისი ავთენტურობიდან გამომდინარეობდეს. დაე, თქვენი ურთიერთობების საფუძველი გახდეს თქვენი მხრიდან მეგობრული განწყობა სხვა ადამიანის მიმართ, იმისდა მიუხედავად, თუ რას მიიღებთ მისგან სანაცვლოდ. ეცადეთ, რომ ამ სივრცეში თქვენი ბიზნესთანამშრომლობა ორგანულად ჩამოყალიბდეს. ამგვარი მიდგომისა და ლოდინის კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ამ პერიოდში თქვენ უკეთ გაიგებთ ამ ადამიანის უნიკალური უნარების შესახებ და უფრო ადვილად მიხვდებით, კონკრეტულად რა მხრივ შეიძლება გამოგადგეთ მისი დახმარება. თანამშრომლობის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალი იქნება და ორივე მხარე ბევრად უფრო კარგად იგრძნობთ თავს. ნაცვლად იმისა, რომ თავი გამოყენებულად იგრძნოთ, თქვენ ნამდვილ და ღირებულ მეგობარს იძენთ.