საფრანგეთის პოლიციის მიერ მოკლული 17 წლის ახალგაზრდისთვის პატივის მისაგებად საფრანგეთის ქალაქებში დაწყებული დემონსტრაციები მალევე საპროტესტო ტალღაში გადაიზარდა, რამაც მთელი საფრანგეთი მოიცვა. პოლიციის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის შედეგად ქვეყანის რამდენიმე ქალაქში უკვე აიკრძალა დემონსტრაციები და დაწესდა გადაადგილების შეზღუდვები. სტატიაში უფრო ვრცლად მოგიყვებით, რა არის პროტესტის მიზეზი.
გასული კვირის დასაწყისში პოლიციის ოფიცერმა პარიზის გარეუბანში ალჟირელ ტინეიჯერს, 17 წლის ნაჰელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა სტანდარტული საგზაო შემოწმებისას მოხდა. გამვლელის მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ მძღოლის მხარეს მდგომი ორი პოლიციელიდან ერთი ავტომანქანაში მყოფი პირის მიმართულებით ცეცხლს ხსნის მიუხედავად იმისა, რომ მას მყისიერი საფრთხე არ ემუქრებოდა.
ქალაქის პროკურორის განცხადებით, პოლიციელი ჩვენებაში აღნიშნავს: „იარაღიდან იმ მიზეზით გავისროლე, რომ შემეშინდა, ბიჭი მანქანით ვინმეს არ დასჯახებოდა“. პროკურატურის ცნობით, პოლიციელის მხრიდან იარაღის გამოყენება არაკანონიერ ქმედებად მიიჩნევა და ის გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
რა მოხდა ამის შემდეგ?
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, პარიზში დემონსტრაციები დაიწყო. პროტესტანტების ბანერები ანტისაპოლიციო შინაარსს ატარებდა და ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს რასობრივ ნიადაგზე მოქმედებებში ადანაშაულებდა. დემონსტრანტების ბანერებზე გამოჩნდა წარწერები: „პოლიცია კლავს!“
საპროტესტო ტალღების ჩასახშობად საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა 40,000-მდე პოლიციელის მობილიზება მოახდინა. შედეგად საფრანგეთის მასშტაბით დააკავეს 2000-მდე ადამიანი, 500-მდე პოლიციელი კი დაშავდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციას „სახელმწიფო წესრიგის აღდგენის“ მითითება მიეცა.
ბუნებრივია, პროტესტი ემანუელ მაკრონის ელექტორალურ მხარდაჭერაზეც ცუდად იმოქმედებს. მოახლოებული არჩევნების ფონზე, მაკრონს სიტუაციის დასასტაბილურებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პრეზიდენტმა სოცქსელების, TikTok-ისა და Snapchat-ის ადმინისტრაციისაგან დემონსტრაციების დასტაბილურებაში დახმარება მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმებისაგან მაკრონმა სენსიტიური კონტენტის დაბლოკვა და იმ ადამიანების იდენტიფიცირება მოითხოვა, ვინც ხალხს არეულობისაკენ მოუწოდებს.
რამ გამოიწვია არეულობა?
აქტივისტებს ღრმად სწამთ, რომ 17 წლის ნაჰელის მკვლელობის ფაქტორი, მისი რასობრივი მიკუთვნებულობა გახლდათ. რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემა საფრანგეთის სამართალდამცავ წყობაში უკვე დიდი ხანია, აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ სეკულარიზმი ფრანგული კულტურის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია Rights Defenders-ის 2017 წლის კვლევით დგინდება, რომ საფრანგეთში ფერადკანიანი ან არაბი ადამიანის პოლიციის მიერ შეჩერების შესაძლებლობა 20-ჯერ მაღალია.
ფრანგული სამართალდამცავი უწყებების მიმართ კრიტიკულ რეკომენდაციებს იძლევა Amnesty International-იც. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ფრანგულ პოლიციას ეთნიკურ ნიადაგზე პროფაილინგში ადანაშაულებს და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ძირეული, სისტემური რეფორმების გატარებისაკენ მოუწოდებს.
იმავე რეკომენდაციებს ფრანგული სამართალდამცავებისათვის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც გასცემს. მიუხედავად საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მოწოდებებისა, დისკრიმინაციის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არ ეთანხმება. მინისტრი განმარტავს, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება მხოლოდ პროპორციულობისა და უკიდურესი აუცილებლობის პირობებში ხდება.