OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ოლტმენმა კრიპტოვალუტის ახალი პროექტი, Worldcoin-ი გაუშვა. მომხმარებელთათვის პროექტის ძირითადი შეთავაზება World ID, ე.წ. „ციფრული პასპორტია“, რომელიც დაადასტურებს, რომ მისი მფლობელი რეალური პიროვნებაა და არა – AI-ბოტი.
World ID-ის მისაღებად, მომხმარებელი დარეგისტრირებას „ირისის სკანირების“ საშუალებით, Worldcoin-ის „ორბის“ გამოყენებით შეძლებს – დაახლოებით ბოულინგის ბურთის ზომის ვერცხლის სფეროთი. „ორბის“ ირისის სკანირებით ვერიფიკაციის გავლის შემდგომ, პიროვნებისთვის World ID-ანგარიში შეიქმნება.
პროექტს ბეტა-ვერსიიდან 2 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, გაშვების შემდეგ კი ოპერაციების განხორციელებას ოცი ქვეყნის 35 ქალაქში ახორციელებს. გარკვეულ ქვეყნებში, მომხმარებლები დარეგისტრირებისას Worldcoin-ის კრიპტოვალუტის ტოკენს, WLD-ს მიიღებენ.
World ID-ის კრიპტოვალუტების მნიშვნელობაზე საუბრისას, პროექტის თანადამფუძნებელმა ალექს ბლანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ კრიპტოვალუტების ბლოკჩეინებს World ID-ის შენახვა კონფიდენციალურობის დაცვით შეუძლია. გარდა ამისა, World ID-ი არ ექვემდებარება არცერთი ორგანიზაციის მიერ კონტროლსა და გათიშვას.
პროექტის შემქმნელების ინფორმაციით, World ID-ი განსაკუთრებით საჭიროა გენერაციული AI-ჩატბოტების ეპოქაში, მაშინ როდესაც ChatGPT-ი ადამიანურთან მაქსიმალურად მიახლოებულ ენას ქმნის. World ID-ის გამოყენებით, რეალური ადამიანებისა და AI-ბოტების გარჩევაა შესაძლებელი, ამას გარდა კი Worldcoin-ი ეკონომიკაზე გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გავლენის განსაზღვრასაც მოახერხებს.