„ციტრონ გრუპი“ ხუთი წელია, აჭარაში განსხვავებული სამშენებლო კონცეფციით ოპერირებს. მისი ნაკლებსართუიანი, კომპაქტური და რაოდენობის ნაცვლად ხარისხზე ორიენტირებული განაშენიანება კომპანიის დამფუძნებლისთვის, ნუგზარ ბაკურიძისთვის არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ბავშვობის დიდი გატაცებაა.
როგორი იყო „ციტრონის“ პირველი ნაბიჯები სამშენებლო სექტორში – რა კაპიტალითა და გამოცდილებით დაიწყეთ ბიზნესი?
„ციტრონ გრუპი“ დეველოპერული კომპანიაა, რომელიც უკვე ხუთი წელია, აჭარის სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს. სამშენებლო პროექტებს ვახორციელებთ ჩაქვში და ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული და გატაცებული მშენებლობით, ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამაჩემმა სახლის მშენებლობა ჩამაბარა და ძალიან კარგად გავართვი თავი. ცოტა ხანში ავაშენე მეორე სახლიც და ასე შევდგი ფეხი სფეროში, რომელიც წლების შემდეგ მოგებიან ბიზნესად გარდავქმენი. ფაქტობრივად, პირადი გამოცდილებით დავიწყე ეს საქმე, კაპიტალი დაახლოებით 120 000 დოლარამდე იყო. 2008 წელს როგორც ბიზნესს, ისე მოვკიდე ამ საქმეს ხელი და აქტიურად შევუდექი სამშენებლო–დეველოპერულ საქმიანობას. პირველი პროექტი ბათუმის ცენტრში განვახორციელე, საცხოვრებელი კორპუსი ავაშენე საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას.
კომპანიის დაარსებიდან დღემდე რა პროექტები აქვს განხორციელებული „ციტრონ გრუპს”?
წლების განმავლობაში სხვადასხვა პარტნიორთან ერთად ვაშენებდი ობიექტებს. 2017 წელს გადავწყვიტე, დამოუკიდებლად დამეწყო ბიზნესსაქმიანობა და ასე შეიქმნა კომპანია „ციტრონ გრუპი“. ცხადია, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს ჩაფიქრებული და მათ ეტაპობრივად განვახორციელებ. 2017 წლიდან დღემდე უკვე გვაქვს დასრულებული რამდენიმე პროექტი ბათუმში, გვყავს ძალიან კმაყოფილი მობინადრეები, რომლებიც უკვე ცხოვრობენ ჩვენ მიერ აშენებულ კორპუსებში. მიმდინარე პროექტები გვაქვს ბათუმში, ახალ ბულვარში. სწორედ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც დაიწყო მშენებლობა ახალ ბულვარში, რადგან ბათუმის ბულვარის განაშენიანების პოტენციალი დავინახეთ. ეს არის ტერიტორია, რომელიც უკვე საკმაოდ დატვირთულია და სამომავლოდ კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება. ასევე მიმდინარეობს მშენებლობა ულამაზეს ჩაქვში, ბოტანიკურ ბაღთან ახლოს, ზღვის პირველ ზოლში – საოცარი ხედებითა და საოცარი გარემოთი. პროექტი გათვლილია ყველა სეგმენტზე. ჩაქვის პროექტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მთისა და ზღვის სიახლოვე ქმნის ჰარმონიულ გარემოს, ხოლო ბოტანიკური ბაღის პლუსებზე საუბარს აღარც დავიწყებ. რა თქმა უნდა, ჰაერი გაცილებით უფრო სუფთაა, ვიდრე ბათუმში. სხვათა შორის, კომპანიის სახელს ასევე უკავშირდება ქალაქის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული დასასვენებელი კომპლექსის, „ციტრონ კოტეჯის“ მშენებლობა. „ციტრონ გრუპს“ ერთობლივი პროექტები აქვს განხორციელებული მსხვილ დეველოპერთან, H Group-თან, რომლის სახელთანაც ისეთი პროექტებია დაკავშირებული, როგორიცაა ბათუმის Seventh Heaven-ი და Alley Palace-ი.
ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ბათუმში, ამჟამად მშენებლობის ბუმია, შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. რატომ უნდა შეიძინოს კლიენტმა თქვენი ბინა?
ახლა სიახლე და ინოვაცია მომხმარებლისთვის ის იქნება, უფასოდ თუ მისცემ ბინას, სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია, რაიმეთი გააკვირვო მომხმარებელი ამ სფეროში. რესეფშენი, დაცვა თუ სხვა კომფორტი ახლა უკვე თითქმის ყველა საცხოვრებელ კომპლექსს აქვს და ჩვენი პროექტებიც არაა გამონაკლისი. ბევრი ფაქტორია, თუ რატომ უნდა შეიძინონ ბინა „ციტრონ გრუპში“ – პირველ რიგში, კომპანიას აქვს დასრულებული პროექტები და არის სანდო. ასევე სანდოობის გარანტი არის კომპანიის მშენებლობები, რომლებიც დაზღვეულია ბანკის მიერ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ კომპანიამ ვერ მიიყვანა პროექტი ბოლომდე, ბანკი დაასრულებს მშენებლობას, მაგრამ ამის საჭიროება ნამდვილად არ გვქონია და არ გვექნება კარგი პოზიციონირებისა და კარგი მენეჯმენტის პირობებში, რაც რა თქმა უნდა, ჩვენს კომპანიაში გამართულია.
რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ხელსაყრელი ფასი და გრძელვადიანი განვადება. აგრეთვე ხაზს გავუსვამდი იმ ფაქტს, რომ ნაკლებსართულიან კორპუსებს ვაშენებთ და ეს ნამდვილად არის უპირატესობა. კორპუსები უფრო მყუდრო და ნაკლებად ქაოსურია დღევანდელი ტენდენციური კონცეფციისგან განსხვავებით და ეს იზიდავს მომხმარებელსაც. 5-6-სართულიანი სასტუმროს ტიპის კორპუსები ჩვენი მიმართულებაა. ხარისხი ჩვენთვის უპირველესია. ჩვენ გავდივართ ყველა შემოწმებას და ეს ეხება პირველ რიგში ჩვენს თანამშრომლებს, ვინც უშუალოდ მშენებლობებზე მუშაობს – მათი უსაფრთხოებით დაწყებული, ასევე ცემენტის თუ ბეტონის ხარისხით დამთავრებული. მომავალ მყიდველს ასევე ვთავაზობთ მაღალი ხარისხის რემონტს; „ციტრონის“ აშენებულ ყველა სახლს აქვს პარკინგი, ვინაიდან ვიცით, რომ ავტომობილის გაჩერება ზაფხულში საკმაოდ რთულია; ასევე გვაქვს მიმღები, სადაც მუშაობს ჩვენივე კომპანიის დაცვის თანამშრომელი, დასუფთავება და ვიდეოკონტროლი ასევე შედის ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურების ნუსხაში – ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მობინადრეების უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
როგორც პროექტებიდან ჩანს, თქვენი კომპანია პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე არის ორიენტირებული. რამდენად მოთხოვნადია ამ ტიპის კომპლექსები?
ბოლო პერიოდში კიდევ უფრო იმატა მოთხოვნამ პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ კორპუსებზე. ჩემი დაკვირვებით, ადამიანებისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველია, ჰყავდეთ ცოტა მეზობელი და უფრო მყუდრო კორპუსებში ცხოვრობდნენ. ახლა ეს წარმოადგენს მათ პრიორიტეტს. ბოლო პერიოდის ტენდენციას რომ გადავავლოთ თვალი, უძრავ ქონებაში თუნდაც საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა უღირს მომხმარებელს, რათა მაქსიმალური კომფორტი მიიღოს. თან იმასაც აღვნიშნავ, რომ ბათუმი ის ქალაქია, სადაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და თითქმის ყველა პრემიუმ- -კლასის პროექტს ჰყავს დაინტერესებული მომხმარებელი.
ვინ არის თქვენი მომხმარებელი?
ძირითადად უცხოელები არიან. მათთვის მიმზიდველია ისიც, რომ ჩვენი კორპუსების ბინების გაქირავება გაცილებით მარტივი და მოგებიანია. რომ შევადაროთ სხვა მრავალსართულიან კორპუსებს, „ციტრონ გრუპის“ კორპუსებში ბინები გაცილებით უფრო ძვირად ქირავდება სწორედ მათი სპეციფიკიდან გამომდინარე. მშენებლობები გათვლილია როგორც უცხოელ მყიდველებზე, ასევე საქართველოს მოქალაქეებზე. დიდ აქცენტს ვაკეთებთ ემიგრანტებზე და მათთვის კარგი პირობები გვაქვს.
იყო ისეთი პროექტი, რომელიც გარტამტეხი აღმოჩნდა „ციტრონის“ საქმიანობაში?
პირველი 16-სართულიანი კორპუსი, რომელიც ბულვარში ავაშენეთ. პრინციპში ეს იყო პირველი და უკანასკნელი ასეთი მასშტაბის პროექტი, ვგულისხმობ ასეთ მრავალსართულიან პროექტს. ამის შემდეგ მაქსიმუმ 8-სართულიან კორპუსებს ვაშენებ. პირველივე პროექტს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ ეს უდავოდ იყო სტიმული ჩემთვის და ინდიკატორი იმისა, რომ ძალიან სწორ ბიზნესში ვიყავი და შენება უნდა გამეგრძელებინა. ჩემთვის ნებისმიერი ახალი რამის მშენებლობა განსაკუთრებული სიამოვნებაა, მით უმეტეს, როცა დადებით უკუკავშირს ვხედავ. ეს ის სფეროა, რომლისადმი ინტერესიც არ ნელდება და რომლის ფარგლებში განხორციელებული პროექტებიც ასევე მუდმივად ინტერესის ობიექტია.
რა მიმართულებით აპირებთ განვითარებას? რა გეგმები გაქვთ დასახული?
საკუთარი სასტუმროს ქსელი მინდა შევქმნა. ოთახების განლაგება, კონდიცირების სისტემა და ა.შ. – ყველაფერი სასტუმროს ტიპის იქნება, მეპატრონეების ბინების გაქირავებაზე ჩვენ თავად ვიზრუნებთ. „Hotel Citron” – ამ დასახელების ბრენდი სწორედ ახლა იქმნება. ლოგოს შექმნის პროცესი მიმდინარეობს. მარკეტინგულად როცა შევფუთავთ საბოლოოდ, შემდეგ გავაცნობთ საზოგადოებასაც. რაც შეეხება ლოკაციას, სადაც ჩვენი პირველი სასტუმრო განთავსდება, ეს გახლავთ ჩაქვი. შემდეგ ავაშენებთ ახალ ბულვარშიც.
საზღვარგარეთაც ხომ არ აპირებთ თქვენი ბრენდის გატანას?
მონტენეგროში, ქალაქ ბუდვაში მინდა სასტუმროს აშენება. ამ ქალაქში ზუსტად ისეთი დაბალი კორპუსები შენდება, როგორ კორპუსებზეც მე მაქვს სწორება. თან მე ზღვისპირა ქალაქები მიზიდავს და ბუდვა ზუსტად ასეთია. რამდენიმე ლოკაციაც შეთვალიერებული მაქვს უკვე, მშენებლობის პირობებიც მოვიკითხე და საკმაოდ მიმზიდველია.