რუსეთში, Domino’s Pizza-ს ფრანშიზის მფლობელმა ფილიალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ბიზნესი გაკოტრებულად გამოაცხადა. ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, DP Eurasia, რუსეთში ბიზნესის გაყიდვის მცდელობებსაც შეწყვეტს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი დასავლური სანქციების სამიზნე გახდა. რუსეთის ბაზარი ბევრმა მსხვილმა კომპანიამ დატოვა, თუმცა პიცერიების ქსელი ქვეყანაში ოპერირებას განაგრძობდა, რის გამოც კრიტიკის საგანიც არაერთხელ გახდა. DP Eurasia-ს რუსეთში Domino’s Pizza-ს 171 ობიექტი აქვს, საიდანაც 68-ს თავად ფლობს, 103 ობიექტი კი ფრანშიზის სახით ადგილობრივი ოპერატორების მართვაში იყო.
DP Eurasia-ს გადაწყვეტილების შესახებ, შეაჩეროს მისი შვილობილი კომპანია DP Russia-ს გაყიდვის მცდელობა და გაკოტრებას მიმართოს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. ცნობისთვის, რუსეთის გარდა, DP Eurasia, Domino’s-სთვის ფრანშიზის უფლებებს ფლობს თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
ცნობისთვის, რუსეთის ეკონომიკაში Domino’s Pizza-ს ყოველწლიური შენატანი თითქმის £579 მილიონს უტოლდებოდა. თუმცა, ამერიკული პიცერიების ქსელის მტკიცებით, კომპანიამ, მისი შვილობილი ფირმების მეშვეობით, „რუსეთის ბაზრისთვის რაიმე სახის მხარდაჭერა“ ჯერ კიდევ, 2022 წლის დასაწყისში შეწყვიტა.