2022 წელს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, აფრიკის ყველაზე მდიდარი სახელმწიფო სეიშელის კუნძულებია. Statista-ს მონაცემებით, ქვეყანაში, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობამ, $19,470-ს მიაღწია. თუმცა ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა კვლავ დაუცველი რჩება გლობალური პრობლემებისგან, რომლებმაც სექტორი 2008-2009 წლების რეცესიისა და პანდემიის დროსაც დააზარალა – 2009 და 2020 წლებში სეიშელის კუნძულების მშპ თითქმის 8%-ით შემცირდა.
ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით, აფრიკის ქვეყნების ლიდერთა სამეულში შედიან ეკვატორული გვინეა და გაბონი. ეკონომიკებში, რომელთა შემოსავლების დიდი ნაწილი ნავთობს უკავშირდება, 2022 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ეკვატორულ გვინეაში $10,000-ს, ხოლო გაბონში – $11,000-ს უტოლდებოდა.
ცნობისთვის, გაბონში გასულ კვირას სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, რომელსაც 14-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტ ალი ბონგოს ქვეყნიდან გაქცევა მოჰყვა. შედეგად, 30 აგვისტოს მონაცემებით, ნავთობის ფასები შედარებით გაიზარდა, რაც ერთგვარი შეხსენება იყო მსოფლიო ბაზრისთვის გეოპოლიტიკური რისკების საფრთხის შესახებ.
BRICS-ის ყოველწლიური სამიტის გასული კვირის მასპინძელი სამხრეთი აფრიკა, რომელიც, Statista-ს მონაცემებით, რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს. 2022 წელს სამხრეთ აფრიკაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $6,690-ით განისაზღვრა, რა მონაცემითაც, ქვეყანა, მავრიკისა ($10,120) და ბოტსვანას ($7,260) ჩამორჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს მოსახლეობის კეთილდღეობის დონის დასადგენად იყენებენ, ის არ ითვალისწინებს შემოსავლის უთანასწორობას, რომელიც შესაძლოა, ქვეყნის შიგნით არსებობდეს. მაგალითად, „ჯინის ინდექსზე“ დაყრდნობით, აფრიკის სახელმწიფოთა ნაწილი, სიმდიდრის გადანაწილების თვალსაზრისით, ყველაზე უთანასწორო ქვეყანათა შორის შედის.
აფრიკის ქვეყნების რეიტინგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით, 2022 წლის მონაცემები:
- სეიშელის კუნძულები – $19,470
- ეკვატორული გვინეა – $10,980
- გაბონი – $10,150
- მავრიკი – $10,120
- ბოტსვანა – $7,260
- სამხრეთი აფრიკა – $6,690
- ლიბია – $6,500
- ნამიბია – $4,750