აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღის ყოფილი პრემიერი, სომეხი მილიარდერი რუბენ ვარდანიანი დააკავა. როგორც ცნობილია, ვარდანიანი, ათასობით მოქალაქესთან ერთად, ომის შედეგად განადგურებული რეგიონის დატოვებას ცდილობდა.
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის მიერ ადგილობრივ მედიასთან გაკეთებული განცხადებით, ვარდანიანის აყვანა „სამხედრო პერსონალის სიფხიზლის შედეგად“ მოხდა მაშინ, როდესაც მილიარდერი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის გადაკვეთასა და სომხეთში გადასვლას აპირებდა.
მილიარდერის დაკავება დაადასტურა მისმა მეუღლემაც, რომლის თქმითაც, ვარდანიანი 10-თვიანი ბლოკადის განმავლობაში იდგა საკუთარი ხალხის გვერდით და მათთან ერთად გადარჩენისთვის იბრძოდა.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი რუბენ ვარდანიანის ქონებას $1 მილიარდად აფასებს. ვარდანიანი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის „ტროიკა დიალოგის“ დამფუძნებელია. მილიარდერმა სომხეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო და განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში გადასვლასა და რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას გეგმავდა.
2022 წლის ოქტომბერში იგი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის ეკვივალენტურია. ბიზნესმენი დე-ფაქტო ლიდერის პოსტს სულ რაღაც ოთხი თვის განმავლობაში იკავებდა.
მილიარდერი თანამდებობიდან 2023 წლის თებერვალში გაათავისუფლეს. მისი გადაყენება აზერბაიჯანის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მას შემდეგ, რაც ვარდანიანმა, სეპარატისტული რეგიონის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩაკეტა, რამაც საკვების, საწვავის და სხვა აუცილებელი ნივთების მწვავე დეფიციტი შექმნა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ვარდანიანს „მოსკოვიდან მკაფიო დღის წესრიგით გამოგზავნილიც“ უწოდა.