ჩარლზ კოხმა $5 მილიარდზე მეტის აქციები ორ არაკომერციულ ორგანიზაციას გადასცა

ჩარლზ კოხმა $5 მილიარდზე მეტის აქციები ორ არაკომერციულ ორგანიზაციას გადასცა

ამერიკული Forbes-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, Koch Industries-ის 87 წლის თავმჯდომარემ, ჩარლზ კოხმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ორ არაკომერციულ ორგანიზაციას ქველმოქმედების სახით $5.3 მილიარდის აქციები გადასცა. კოხმა დონაცია თავისი $125-მილიარდიანი კონგლომერატის (2022 წლის გაყიდვების მაჩვენებლით) ხმის უფლების არმქონე აქციებიდან გაიღო.

Forbes-ის მონაცემებით, კოხის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა მის საკუთრებაში არსებული 42%-იანი აქციების თითქმის მეათედს შეადგენს. გამოცემის შეფასებითვე, ჩარლზ კოხი, $54.5 მილიარდით, ამერიკის რიგით მე-16 უმდიდრესი ადამიანია. კოხმა, როგორც ამერიკის 25 უდიდესი ფილანთროპიდან ერთ-ერთმა, სიცოცხლის განმავლობაში, ქველმოქმედებისთვის დაახლოებით $1.8 მილიარდი გაიღო განათლების ხელშესაწყობად, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მართლმსაჯულებისა და იმიგრაციის სისტემის რეფორმებისთვის.

შემოწირულებების დიდი ნაწილი ძირითადად კოხის არაკომერციულ ქსელ Stand Together-ს (ადრე ცნობილი როგორც Koch Network-ი) გადაეცემოდა ხოლმე. ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ საკითხებზე ყოველწლიურად ათობით მილიონ დოლარს ხარჯავს. თუმცა, ამ შემთხვევაში, კომპანიის აქციებიდან გაღებული დონაცია კოხს პირდაპირ Stand Together-ისთვის არ გადაუცია. ამის ნაცვლად მან აირჩია ჯგუფები, რომლებიც მხარს უჭერენ ქსელს, უფლება აქვთ უშუალოდ ჩაერთონ პოლიტიკურ კამპანიებსა და განუსაზღვრელი რაოდენობით საკითხის ლობირებაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კოხმა Koch Industries-ის $4.3 მილიარდის ღირებულების აქციები ახლად შექმნილ 501(c)4 არაკომერციულ ჯგუფს Believe in People-ს გადასცა – სოციალური კეთილდღეობის ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს ხალხის უფლებამოსილებას, „მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება“.  გარდა ამისა, 2020 წელს კომპანიის $975 მილიონის აქციები კოხმა მისი შვილის, ჩეისის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ CCKc4-ის ტიპის არაკომერციულ ორგანიზაციას გადასცა.

ცნობისთვის, ტრადიციული 501(c)3 არაკომერციული ორგანიზაციებისგან განსხვავებით – რომლებიც ძირითადად მდიდარი პირების მიერ გამოყენებულ კერძო საქველმოქმედო ფონდებს მოიცავს – C4-ს შეუძლია, განუსაზღვრელი ვადით ფლობდეს მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას (სანამ საქმიანობა მის ძირითად მიზანზეა ფოკუსირებული), იყოს სარგებლის მომტანი კერძო პირებისთვის, ჩაერთოს შეუზღუდავი რაოდენობის საკითხის ლობირებასა და უშულოდ პოლიტიკაში.